დღეს ოზურგეთის აგრარულ ბაზარში და საგადასახადო სამსახურის შენობაში აქცია გაიმართა.
აქცია თუთუნით მოვაჭრეებმა გამართეს, რომლებსაც რამდენიმე დღის წინ შემოსავლების სამსახურმა უაქციზო ნაწარმი ჩამოართვა.
აქციის მონაწილეები თუთუნის დაბრუნებას და ოზურგეთში აჭარიდან ჩამოსული ინდმეწარმეებისთვის თავისუფალი ვაჭრობის საშუალების მიცემას ითხოვენ.
როგორც უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე ამბობს, ყველამ ვინც თუთუნის რეალიზაციით და მოყვანით არის დაკავებული, იცის 2019 წლის ნოემბერში რა პროცესები განვითარდა და აღნიშნავს, რომ აჭარის ხელისუფლებამ გაითვალისწინა მოსახლეობის მოთხოვნა.
„აჭარის ხელისუფლებამ გაითვალისწინა მოსახლეობის მოთხოვნა და ეს დარგი არ განადგურებულიყო ზემო მთიან აჭარაში. აჭარაში არ დაიბეგრება მოყვანილი თუთუნი და არ მოხდება მისი შეფუთვა. აღმოჩნდა, რომ ვისაც მოაქვთ აჭარიდან გურიაში, კონკრეტულად თუთუნი, არ დაიბეგროს და ადამიანებს მიეცეს მისი გაყიდვის საშუალება. საგადასახადო სამსახურში ვიყავით, კარგად მიგვიღეს, სამსახურის უფროსი ახლა ადგილზე არ იყო, ის ფოთშია და შემდეგში მოხდება შეხვედრა. პირველ რიგში მოვითხოვთ, იმ თუთუნის დაბრუნებას, რომელიც ჩამოართვეს ინდმეწარმეებს. შემდეგ მოხდეს გადახედვა კანონში და აჭარიდან ჩამოსულ ინდმეწარმეებს თავისუფლად მიეცეს საშუალება თუთუნის გაყიდვის ოზურგეთში“,_ ამბობს ბაკურიძე.
ინდმეწარმე თემურ დუმბაძის თქმით, ისინი ახალი რეგულაციის შედეგად დაზარალებულები არიან და მოითხოვენ რეგულაცია გადახედილი იყოს.
„ძალიან დიდი პრობლემის წინაშე ვდგავარ. სიმინდი და თამბაქო მოგვყავდა ძველად, შემდეგ მხოლოდ თუთუნის მოყვანა გადაწყვიტე. ჩამოვედი ერთი კვირის წინ და გვითხრეს, რომ ახალი რეგულაციები არისო შემოსული. წაგვართვეს თუთუნი და არ გვაძლევენ შეფუთვის გარეშე მისი გაყიდვის უფლებას. მოვითხოვთ, რომ ეს რეგულაცია გადახედილი იყოს“,_ ამბობს დუმბაძე.
აქციის მონაწილეების თქმით, ისინი პრობლემის მოსაგვარებლად გურიის გუბერნატორთან ზურაბ ნასარაიასთან იყვნენ.
გურიის გუბერნატორის პრესსამსახურის უფროსის ნინო ლომჯარიას თქმით, გუბერნატორი ამ საკითხს სწავლობს.
“ინდმეწარმეები იყვნენ გურიის გუბერნატორთან. ინდმეწარმეებმა ბატონ ზურა ნასარიას თავისი პრობლემების შესახებ ესაუბრნენ. “ – გვითხრა ნინო ლომჯარიამ.
„გურია ნიუსი“ საგადასახადო სამსახურის კომენტარს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
ცნობისთვის, უწყებამ ადგილზე კომენტარი არ გააკეთა, რადგან სამსახურის ხელმძღვანელი თათბირზე ფოთში იმყოფებოდა.