ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისოდ აღიარებული თვის, „ვარდისფერი ოქტომბრის“, ფარგლებში ლანჩხუთში „გამარჯვებულ ქალთა კლუბის“ 10 წლის იუბილე და ძუძუს კიბოს დიაგნოზით ნაოპერაციებ ქალთა მხარდასაჭერი ღონისძიებები გაიმართა.
„გააგრძელე ისტორია, გაიმარჯვე“ _ ამ სლოგანის ქვეშ დაიგეგმა ფოტოსესია, სადაც ფოტოები „გამარჯვებულ ქალთა კლუბის“ წევრებმა, ჟურნალისტებმა და ლანჩხუთის ქალთა საფეხბურთო კლუბის წევრებმა ერთად გადაიღეს.
ფოტოსესია მიზანი იყო ძუძუს კიბოს ირგვლივ გავრცელებული არასწორი სტიგმის დამსხვრევა, ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობის ჩვენება და ძუძუს კიბოს დიაგნოზით ცხოვრების თავისუფლად გაგრძელების ასახვა.
ფოტოსესიის შემდეგ მხარდამჭერმა აქციამ ლანჩხუთის კულტურის ცენტრში გადაინაცვლა, სადაც ადგილობრივი საესტრადო და ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა.