პირველი მარქსისტული ჯგუფი საქართველოში 1892 წელს შეიქმნა (აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 70-იანი წლების ქართულ პრესაში ქართული ინტელიგენცია უკვე მსჯელობდა ევროპაში მარქსიზმის გავრცელების შესახებ. იმ დროიდან ჩვენში მარქსისტული ლიტერატურაც გაჩნდა). ამ ჯგუფის, რომელსაც `მესამე დასი“ დაერქვა (თუმცა მოსახლეობაში `ახალი თაობის~ სახელით იყო ცნობილი), შეკრების ინიციატორი ქართველი მწერალი და პუბლიცისტი, მარქსიზმის ერთ-ერთი პირველი მქადაგებელი ეგნატე ნინოშვილი (ინგოროყვა) იყო. შეკრება გაიმართა ზესტაფონში 1892 წლის 25 დეკემბერს, შობადღეს, 12 კაცის შემადგენლობით: ეგნატე ნინოშვილი, ნოე ჟორდანია, ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძე, მიხა ცხაკაია, ისიდორე რამიშვილი, არსენ წითლიძე, ევგენი ვაწაძე, ისიდორე კვიცარიძე, იოსებ კაკაბაძე, დიმიტრი კალანდარიშვილი, რაჟდენ კალაძე და სილიბისტრო ჯიბლაძე.
შეხვედრის მიზანი საქართველოსთვის განვითარების ახალი გზის გეგმის შემუშავება იყო. ორი დღე-ღამის განმავლობაში მიდიოდა ბჭობა _ რუსული `ნაროდნიკული~ მიმდინარეობა აერჩიათ თუ მარქსიზმის პოზიციაზე გადასულიყვნენ. საბოლოოდ ჯგუფი მარქსიზმზე შეჩერდა. `მესამე დასელებმა~ ნამდვილი რევოლუცია მოახდინეს ქართულ ცნობიერებაშიო, _ წერდა ცნობილი მენშევიკი გრიშა ურატაძე…
ახლა შემოგთავაზებთ რამდენიმე ფაქტს ცნობილი ბელეტრისტისა და ცნობილი პოლიტიკოსის ურთიერთობის ისტორიიდან.
აპოლონ წულაძის მოგონებიდან: როგორც ამბობენ, ნოე ჟორდანიას პირველად ყურადღება ეგნატე ნინოშვილმა მიაქცია. ის ცდილობდა რომ ნოეს უმაღლესი განათლება მიეღო და მასზე დიდ იმედებს ამყარებდა. ერთი მოგონების მიხედვით, ერთხელ რაჟდენ წუწუნავას (ის ალექსანდრე და ცეცილია წუწუნავების მამა გახლდათ ,,წიგნების და ნასწავლი ხალხის დიდი მოყვარული” -) სავაჭრო დუქანში ეგნატე მისულა და რაჟდენისთვის თუმანი უთხოვია. ამ უკანასკნელმა ჰკითხა მითხარი რისთვის გინდაო. ერთ ახალგაზრდას, ჟორდანიას უნდა გავუგზავნოო. თუმანი მიირთვი ჩემო ეგნატე, – უთხრა რაჟდენმა, – მარა არც შენ გაწყენს ტანზე ან ფეხზე ჩაიცვაო ეგნატე დიდად აფასებდა ნოე ჟორდანია ,,მეცნიერი კაცი იქნებაო”. როცა გაიგო რომ დაპატიმრება ელოდა ,,საშინლათ შეწუხდა და ნოეს სულ იმას ურჩევდა: ჩქარა მოემზადე და საზღვარგარეთ გაასწარიო”. ეს ხდება 1893 წელს.
მისი ერთადერთი საფიქრალი და საზრუნავი, გადმოგვცემს რაჟდენ კალაძე, იმ დღეებში ის იყო ,,რომ ნოე ჟორდანია დაჭერას გადაერჩინა და როგორმე მისი საძღვარგარეთ გამგზავრება მოეწყო”.
ის მაშინ ტფილისში იმყოფებოდა, იცოდა რომ ნოეზე გურიაში მისი სიყრმის მეგობარი სილიბისტრო ჯიბლაძეც იზრუნებდა, მაგრამ გული არ უმშვიდდებოდა და სასწრაფოდ დედაქალაქიდან გურიაში დაბრუნდა.
ჟორდანიას გამგზავრების დღეს გამოსამშვიდობებლად ის ბათუმში ჩავიდა. იქამდე კი… ,,ნოეს არ ქონდა სამგზავრო ფული, წერდა აპოლონ წულაძე, – ეგნატემ მიმართა ბესარიონ კალანდაძეს, აუხსნა მდგომარეობა და სთხოვა დახმარება. ვიწრო წრეში შეიკრიბა 80 მან. ცოტა მეტი”. ამავე დროს, გემების აგენტის და წიგნის მაღაზიის მეპატრონეს მათე ნიკოლაძის მეშვეობით ჟორდანია მესამე კლასის ბილეთი აუღეს. ყველაფერი ეს ორიოდე დღეში მოგვარდა.
ბათუმში ნონეშვილი დიმიტრი კალანდარიშვილთან ერთად იმყოფებოდა. გემი როცა როცა ნავსადგურიდან გავიდა ,,ეგნატე მიუბრუნდა ამხანაგებს და ეუბნება: ,,დიდი კაცი დადგება, დიდ ყურადღებას მიიქცევს, მაგრამ”… რა მაგრამ, ეგნატე? შეეკითხნენ ამხანაგები გაკვირვებით.
,,ნაციონალური გრძნობა სჭარბობს მასში და ამას იგი ვერ შეელევა”, – უპასუხა ეგნატემ”.
ჟორდანია გამგზავრების შემდეგ ერთხელ საზოგადო მოღვაწე კოწია თავართქილაძე მატარებლით მგზავრობდა ეგნატესთან ერთად. ის შეეკითხა მწერალს, როგორ მოგწონს ნოეს საზღვარგარეთიდან გამოგზავნილი წერილებიო. ,,ამ სიტყვებმა ეგნატეს სახეზედ ნამდვილი სიამოვნება და უსაზღვრო მხიარულება გამოიწვია. ყოველივე დაერდი და ვარამი დაავიწყდა, ამ შეკითხვის გამო და ნამდვილს, უდარდელს, მხიარულს და ყოვლისფრად ბედნიერ კაცს დაემსგავსა.
-ნოეს ნაწერები? ნუთუ ესეც საკითხავია, ნოეს ნაწერები ნოესავით უნაკლო, ნოესავით საყვარელი და სასიამოვნო საკითხავია და ვინ არის ისეთი უბადრუკი, რომ ნოეს ნაწერები არ მოეწონოსო.” შემდეგ ისიც გაიხსენა რომ ჯერ კიდევ სემინარიეს მოწაფემ ,,დასწერა… იმისთანა წერილი, არათუ პატარა საქართველოში, დიდ რუსეთშიც არ მეგულება მსგავსი რამე დაეწეროსო”.
გამოყენებული ლიტერატურა ზოია ტუღუში ,,მოგონებები ნინოშვილზე”, ირაკლი მახარაძე, ლაშა ხეცურიანი ,,ტერორისტები”.