პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამისგან ახსნა-განმარტებებს ითხოვს. ბესელია სარალიძის იმ განცხადებას ეხმაურება, როდესაც დავით სარალიძის მამამ დროებითი საგამოძიებო კომისიიდან ეკა ბესელიას აცილება მოითხოვა.
დეპუტატის თქმით, მისთვის გაუგებარია ზაზა სარალიძის განცხადების მიზეზი და სწორედ ამიტომ ითხოვს, ზაზა სარალიძემ დაასახელოს ბესელიას ის განცხადება, რომლითაც მან თავი შეურაცხყოფილად იგრძნო.
„მე, პირველ რიგში, ვერ გავიგე მიზეზი, თუ ეს რაიმე სხვა სარჩულის მატარებელი არ არის, ვერ გავიგე, რა იყო ამ განცხადების მიზეზი და მე ვითხოვ, ძალიან კონკრეტულად დასახელდეს თქვენს ეთერში იყო ჩემი ჩართვა ბატონ სარალიძესთანერთად, სად, რომელი ფრაზა იყო ის, რომელიც მან ჩათვალა, რომ იყო შეურაცხმყოფელი. მე ვითხოვ, რომ ეს დაკონკრეტდეს, სხვაგვარად, აბსურდამდე მივალთ ასე,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.
ზაზა სარალიძემ ეკა ბესელიას უნდობლობა გამოუცხადა და საგამოძიებო კომისიიდან მისი აცილება მოითხოვა.
მისი თქმით, თუ კომისიის შემადგენლობაში ეკა ბესელია იქნება, ის კომისიასთან არ ითანამშრომლებს.
ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმის გამოძიების მიზნით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა, რომელსაც „ევროპული საქართველოს“ წევრი, სერგი კაპანაძე ხელმძღვანელობს.
ოპოზიცია დროებით საგამოძიებო კომისიაში უმრავლესობის სახით არის წარმოდგენილი.
rustavi2.ge