არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი საათის მონაცემები შეაჯამა. მისი თქმით, საერთო ჯამში, სააღცევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, თუმცა, რამდენიმე უბანზე დაფიქსირდა ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტი.
“პირველი ტურის მსგავსად, თითქმის ყველა საარჩევნო უბნის გარეთ შეიმჩნევა საპრეზიდენტო კანდიდატების კოორდინატორების მობილიზება, რაც დაძაბულ ატმოსფეროს ქმნის. გარდა ამისა, რამდენიმე საარჩევნო უბნის გარეთ ჩვენმა დამკვირვებლება დააფიქსირეს, რომ უბნიდან გამოსული ამომრჩევლები სხდებოდნენ უბნის გარეთ მდგომ ავტომობილებში და რამდენიმე წუთის შემდეგ უკან გადმოდიოდნენ. ოთხ შემთხვევაში, ჩვენი დამკვირვებლების მტკიცებით, ამომრჩევლებს ავტომობილში სავარაუდოდ ფული გადასცეს. ეს 4 შემთხვევა დაფიქსირდა შემდეგ უბნებთან:
• #33 ქარელის საარჩევნო ოლქის # 1 საარჩევნო უბანი
• #63 აბაშის საარჩევნო ოლქის #23 საარჩევნო უბანი
• #79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #90 საარჩევნო უბანი
• #79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #11 საარჩევნო უბანი
დამკვირვებლების საარჩევნო უბნებზე არ შეშვება. დილიდან მასობრივად ფიქსირდებოდა საარჩევნო უბნებზე. ჩვენი დამკვირვებლების არშეშვების ფაქტები. საუბნო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეები უარს იმ მიზეზით ამბობდნენ, რომ დამკვირვებლის მოწმობებს მოქმედების ვადად 20 ნოემბერი ჰქონდა მითითებული. როგორც ჩანს, თავმჯდომარეები არ იყვნენ ინფორმირებული ცესკოს იმ დადგენილების შესახებ, რომლითაც დამკვირვებლის მოწმობების ვადები გახანგრძლივდა. საოლქო საარჩევნო კომისიების ჩარევის შემდეგ ჩვენი დამკვირვებლები შეუშვეს უბნებზე. ასეთი პრობლემა 18 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა,”- თქვა გიგაურმა.
ეკა გიგაურის თქმით, 11 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა კენჭისყრის ფარულობის დარღვევა, ასევე ხდებოდა კენჭისყრის შენობაში მისული ამომრჩევლის აღიცხვა.
დღეს საქართველო მეხუთე პრეზიდენტს ირჩევს.
საპრეზიდენტო არჩევნებისთვის 73 საარჩევნო ოლქში გახსნილია 3 637 და გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 11 საარჩევნო უბანი. საზღვრებს გარეთ გახსნილი უბნების რაოდენობა 55-ია. არჩევნების მეორე ტურისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა 3 528 658.