„გურია ნიუსის“ წყაროს ინფორმაციით, ლანჩხუთის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი დავით წულაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს. როგორც ამბობენ, მისი პოსტი მერის აწ უკვე ყოფილმა თანაშემწემ თორნიკე ტიკაძემ ჩაიბარა.
დავით წულაძის თანამდებობიდან გათავისუფლებას კი გურიის გუბერნატორთან ზურაბ ნასარაიასთან მომხდარ მცირე ინცინდენტს უკავშირებენ გრიგოლეთის სანაპირო ზოლზე. როგორც წყარო გვეუბნება, ნასარაიამ მუშაობის ტემპი დაუწუნა ლანჩხუთის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლებს, რასაც პასუხად წულაძის პასუხი მოჰყვა, რომ შიშველი ხელებით მეტის გაკეთება შეუძლებელი იყო. ჰოდა, სწორედ ამ შეპასუხების გამო გაბრაზებულა მხარის პირველი პირი და წულაძის სამსახურიდან გაშვებაც უბრძანებია მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობისთვის.
ჩვენი ინფორმაციით, დავით წულაძე დღეს პირადად იყო დაბარებული გუბერნიაში. ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, „გურია ნიუსი“ დავით წულაძესთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა, მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.
სატელეფონო ზარები უპასუხოდ დატოვა ლანჩხუთის მერმა. ალექსანდრე სარიშვილმაც.
ზურაბ ნასარაიამ კი „გურია ნიუსთან“ გაკეთებულ სატელეფონო კომენტარში არ დაადასტურა გრიგოლეთის სანაპირო ზოლზე წულაძესტან მომხდარი სიტყვიერი შელაპარაკება.
„არანაირ კონფლიქტს და სიტყვიერ შელაპარაკებას ადგილი არ ჰქონია, არც ჩემი მითითებით გაუშვიათ ვინმე სამსახურიდან. ეს ადგილობრივი ხელმძღვანელობის პრეროგატივაა“, _ გვითხრა ნასარაიამ.