„აშშ ამაყობს, რომ საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია“, – თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა წეროვანში, სამხედრო მოსამსახურეთა ახალი სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნის ცერემონიაზე განაცხადა.
სიტყვით გამოსვლისას რუდმა თქვა, რომ ამერიკა ქართველ პარტნიორებთან ერთად მხარდამხარ ბრძოლას განაგრძობს.
„ჩვენი ერთგულება საქართველოს მიმართ მომავალშიც გაგრძელდება“, – აღნიშნა ამერიკელმა დიპლომატმა. ელიზაბეთ რუდმა მსოფლიოს მშვიდობის საქმეში საქართველოს წვლილი აღნიშნა და ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს მადლობა გადაუხადა.
„ახალი ცენტრი საქართველოს დაშავებულ მებრძოლთა შესახებ პროგრამების ახალი დასაწყისია. ეს კომფორტული, თანამედროვე და უსაფრთხო რეაბილიტაციის ცენტრი უფრო მეტ დაშავებული მებრძოლისა და მათი ოჯახის წევრებისთვის მაღალი დონის კომპლექსურ მომსახურებას უზრუნველყოფს.
ჩვენ თავად ვიხილეთ ქართველი ჯარისკაცების სიმამაცე და სანდოობა ბრძოლის ველზე. ეს გახლავთ შთამბეჭდავი მაგალითი საქართველოს ერთგულების, მშვიდობისა და უსაფრთხოების მიმართ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
ვალში ვართ მათ წინაშე, ვინც უდიდესი მსხვერპლი გაიღო და ვალში ვართ ჩვენი დაშავებული მეომრებისა და მათი ოჯახების წინაშე“, – განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.