დღეს, დილაადრიან, ოზურგეთში, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებული ზეიმის დაწყებამდე, ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ ადგილას, ღია ცის ქვეშ, ორი მამაკაცის კარგად შეწყობილი სიმღერა _ „ქართველო, ხელი ხმალს იკარ“ _ ისმოდა.
როცა მივუახლოვდი, ერთმა სასწრაფოდ შეწყვიტა სიმღერა:
„უკვე სურათი გადაგვიღე? ასკანელი კაცი ვარ, მზიანში ვცხოვრობ, ივანოვი ვარ გვარად. აბა, ივანიშვილობა ღმერთმა დამიფაროს. იცი, როდიდან ვარ საქართველოში? ერეკლე მეფემ რომ თათრების წინააღმდეგ საბრძოლველად გამოგვიძახა. მე ქართველი ვარ, სიმღერას სახალხო ლოტბარი ჯემალ ჭელიძე მასწავლიდა. ვიმღერებ კიდევ ცოტა ხანს, მერე კი წავალ და ხვალიდან ასკანაში შრომას შევუდგები. აბა, რავა გგონია… ჰარალალე, ,,თოფი ვერაფერს დამაკლებს, თუ ხელში ხმალი მიჭირავს“… „ ჰე, ჩემო ლამაზო სამშობლო, შენ კი გენაცვალე“ _ ასე, საუბარის და სიმღერის მონაცვლეობით, კითხვის დაუსმელად გაგვეცნო ასკანელი ტარიელ ივანოვი.
_ ბატონო ტარიელ, ივანიშვილობა რატომ დაგიფაროთ ღმერთმა?
_ რატომ გეღიმებათ? იმიტომ, რომ პუტინი მეორე ჰიტლერია. ვერც „ედიკამ“ გააგდო აქიდან, ვერც _ მიშამ და ვერც აი ივანიშვილი უშობა რამეს, ძაან ყველაფერს რომ გვპირდებოდა. ვინც საქართველოს დამოუკიდებლობას ებრძვის, არავინ მიყვარს. მე მიყვარს მეფე ერეკლე და საქართველო… აგერ, ჩემ წინ რომ კაცი ზის, თემურ შათირიშვილი, ჩემზე უკეთ თუ არა, ნაკლებად არ მღერის. ჩვენ ასე აღვნიშნეთ ამ დილით ჩვენი საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე. გაუმარჯოს ჩვენს ქვეყანას, _ გვითხრა ტარიელ ივანოვმა და კვლავ გააგრძელა სიმღერა.