დღეს “სამოქალაქო მოძრაობამ” ჩოხატაურის ბაზარში აქცია გამართა კამპანია “ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარების” ფარგლებში. ბაზარში მისულმა სამოქალაქო მოძრაობის წევრებმა იქ მყოფ ადამიანებს თანამდებობაზე მყოფი წარმოშობით გურულების, ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანის და პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის შესახებ ესაუბრნენ და ფეოდალიზმში დაადანაშაულეს.
როგორც სამოქალაქო მოძრაობის წევრები ამბობენ, ისინი მოსახლეობაზე არ ზრუნავენ და ხალხის ხარჯზე მდიდრდებიან.
აქციამ ჩოხატაურის ბაზრიდან ოზურგეთის მერიასთან გადაინაცვლა, სადაც არჩილ თალაკვაძის მაჟორიტარული ოლქი მდებარეობს.
სამოქალაქო მოძრაობის წევრებს მერიის კარი დაკეტილი დახვდათ, კარზე კი სტიკერები მიაკრეს წარწერით “მაჟორიტარი ფეოდალია”.
თალაკვაძე ელისაშვილის მიერ წაყენებულ ბრალდებას ეხმაურება და ამბობს, რომ “სამოქალაქო მოძრაობის” ლიდერისთვის კომპასის საჩუქრად გადაცემას აპირებს.
„უკმაყოფილო ყოფილა რატომ არავინ არ დამხვდაო? – დღეს არის კვირა დღე და ელისაშვილმა ეს კარგად იცოდა, სწორედ ამიტომ აირჩია კვირა დღე.
რაც შეეხება მის კამპანიას, ის თურმე ოზურგეთში ჩასული იყო და საზოგადოებას უმტკიცებდა, რომ ოზურგეთის მაჟორიტარი არის მდიდარი ფეოდალი. ერთადერთი, რაც შემიძლია, არის ის, რომ მას საჩუქრად გადავცე კომპასი“,_ განაცხადა თალაკვაძემ.