პირველადი მონაცემებით, პრეზიდენტობის არჩევნების მეორე ტურში დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი იმარჯვებს.
გამონაკლისი არც ოზურგეთია, სადაც ზურაბიშვილმა წინა ტურში უბნებიც კი მოიგო.
პარტია “ქართული ოცნების” ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარის, ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბის უფროსის, მერაბ ჭანუყვაძის თქმით, “ეს არის ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავალი და წარმატება”:
შრომა, რომელიც მთელმა გუნდმა ჩავდეთ ერთად, დღეს წარმატებული აღმოჩნდა. პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ოზურგეთის მოსახლეობას მხარდაჭერისთვის, ასევე, ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჩართული იყო წინასაარჩევნო პროცესში და ასევე, მადლობა შტაბის თითოეულ წევრს.
ეს არის ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავალი და წარმატება”, _ გვითხრა მერაბ ჭანუყვაძემ.
“გურია ნიუსის“ ჰკითხვაზე, შეესაბამებოდა თუ არა სინამდვილეს, “ნაცმოძრაობის“ წევრის დავით მჟავანაძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ სოფელ ჭანიეთში მთელი დღეა ბიზმესმენი ილა კეჭაყმაძე და მისი მეგობრები იმყოფებოდნენ, რომლებიც არაერთ კანონდარღვევას ჩადიოდნენ, ჭანუყვაძემ აღნიშნა, რომ ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს:
“მსგავს ინფორმაციას არ ვფლობ და ვერაფერს გეტყვით. დავით მჟავანაძის ტყუილებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ”, _ თქვა მერაბ ჭანუყვაძემ.