სუს-ის მიერ რამდენიმე კალათბურთის მსაჯისა და მოთამაშეების დაკავების ამბავს სპორტისა და კულტურის მინისტრის მოადგილე, ლევან ხარატიშვილი გამოეხმაურა.
მისი თქმით, ეს პრობლემა, ზოგადად, გლობალურია და საქართველო უკვე მუშაობს ახალ სპორტის კანონზე, რომელიც აღნიშნულ პრობლემასთან ბრძოლას ითვალისწინებს.
„ეს პრობლემა არ არის მარტო საქართველოსი. ეს არის მსოფლიოს პრობლემა, ზოგადად, გლობალური პრობლემაა. კარგია, როცა ჩვენი ძალოვანი სამსახურები ასეთ საქმეს იძიებენ. არ მინდა უდანაშაულობის პრეზუმცია დავარღვიო, მაგრამ თუ დადგინდა, რომ იყო ჩაწყობილი თამაშები და გარიგებები, მე, როგორც სპორტისა და კულტურის მინისტრის მოადგილე მოვითხოვ, მკაცრად იქნან დასჯილები ყველა ის პირი, ვინც ჩართული იყო ჩაწყობილ თამაშებსა და გარიგებებში. ამ მიმართულებით საქართველოში დაიწყება მუშაობა. ჩვენ შემუშავებული გვაქვს ახალი კანონმდებლობა, ახალი სპორტის კანონი. გვყავდა ჩამოყვანილი ექსპერტები, რომელთა რეკომენდაციით ახალ კანონში გათვალისწინულია აღნიშნული პრობლემა“,_ განაცხადა ხარატიშვილმა.
აღნიშნული განცხადება ხარატიშვილმა ჟურნალისტებთან საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ანგარიშის წარდგენის ღონისძიებაზე გააკეთა.
ამავე თემაზე: სუს-მა კალათბურთის რამდენიმე მსაჯი დააკავა
სუს-მა “ჩაწყობილი თამაშების” საქმეზე დაკავებული მსაჯებისა და მწვრთნელების ვინაობა დაასახელა
„დეტალურად გავარკვევ რა მოხდა“ _ კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი