გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ჰუბერტ კნირშმა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის საქმიანობა დადებითად შეაფასა და მის მიერ მიღწეული წარმატებები აღნიშნა.
„მინდა მივულოცო გარემოს დაცვის კომიტეტს მიღწევები, მათ შორის, „ტყის კოდექსის” მიღება. ამას გარდა, ძალიან ბევრი სხვა მნიშვნელოვანი რამ განახორციელეთ, მაგრამ კარგია იმის დანახვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აქვს გარემოს დაცვის საკითხებს პარლამენტისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ. მნიშვნელოვანი არის როდესაც ქვეყანა და საქართველოს მოსახლეობა ჩართული არის გარემოს დაცვის საკითხებში. ძალიან ბევრი პარტნიორი მუშაობს კონკრეტულად გარემოს დაცვითი პოლიტიკის დოკუმენტებზე. ჩვენმა ქვეყანამ, გერმანიამ უზრუნველყო ფინანსური და ტექნიკური დახმარების ნაწილი და ეს ასევე, ნაწილობრივ აისახა იმ ფინანსური მხარდაჭერის დოკუმენტში, რომელსაც ხელი წინა კვირას მოვაწერეთ. ეს მიმართული იქნება სატყეო სექტორის და დაცული ტერიტორიების მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ, ეს მოიცავს თბილისის, ბათუმის ტერიტორიებს, განახლებად ენერგიებს, აკვა რესურსებს, ეს არის საქართველო-გერმანიის ურთიერთობებისა მნიშვნელოვანი ნაწილი და რა თქმა უნდა, დიდი იმედით ველით სამომავლო ურთიერთობას”, – განაცხადა ჰუბერტ კნირშმა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე, სადაც საგაზაფხულო სესიის საქმიანობის ანგარიშის წარდგენა და მწვანე სივრცის პრეზენტაცია გაიმართა.