ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, დაბა ნასაკირალში ყურბან ბაირამის, მსხვერპლშეწირვის დღესასწაული ახალ აშენებულ მეჩეთში აღინიშნა. დაბა ნასაკირალის მეჩეთის იმამის შაქრო ნაკეიძის თქმით, ამ დღეს განსაკუთრებით ელოდებიან და აღნიშნავენ.
“მამა აბრამის დროიდან დედამიწაზე გაჩენილი ყველა ადამიანისთვის დღევანდელი დღე სადღესასწაულო და მოსალოცია. ნასაკირალში ნამდვილი დღესასწაული შედგა, ჩატარდა პარასკევის ლოცვა“, _ გვითხრა იმამმა შაქრო ნეკეიძემ.
ბათუმის ცენტრალური მეჩეთის წინამძღვარი, იმამი ზვიად ვანაძე “გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს: “ეს დღესასწაული არის მსხვერპლშეწირვის ანუ მოწყალების, ურთიერთდახმარების“
ჩვენთან, ისლამში არის ორი დიდი დღესასწაული, ეს არის რამაზან-ბაირამი და ყურბან ბაირამის მსხვერპლშეწირვის დღესასწაული.
ამ დღესასწაულზე დილით ლოცვა სრულდება, შემდეგ იკვლება საკლავი და ხორცი ეძლევა ისეთ ადამიანებს, რომლებსაც მისი შეძენის შესაძლებლობა არ აქვს. ყველას გადავცემთ შეძლებისდაგვარად ხორცს _ ეს იქნება მუსლიმი თუ არა მუსლიმი. ჩვენი რელიგია ამას გვავალდებულებს. თუ ადამიანს სჭირდება დახმარება, მას აუცილებლად უნდა დავეხმაროთ. ეს დღესასწაული უფრო მეტად არის დახმარების, თანადგომის, გახარების დღეა“.
მსხვერპლშეწირვის დღესასწაულის აღნიშვნის ტრადიცია დასაბამს ცნობილ ბიბლიურ სიუჟეტში იღებს, რომელიც აბრაამის მიერ, მისი შვილის, ისააკის მსხვერპლად შეწირვის მცდელობაზე მოგვითხრობს. თუმცა, პირველპატრიარქი აბრაამის ნაცვლად, ყურანი წინასწარმეტყველ იბრაჰიმს იხსენიებს. მას სამსხვერპლოზე უფროსი შვილი, ისმაილი მიჰყავს და არა ისააკი _ რომელიც, ყურანის მიხედვით, იბრაჰიმის მეორე შვილია. მუსლიმთა წმინდა წიგნი გვიამბობს, რომ იბრაჰიმს ძილში ანგელოზი ჯაბრაილი მოევლინა და ალაჰის სურვილი გადასცა. მას უზენაესისთვის საკუთარი პირმშო უნდა შეეწირა. იბრაჰიმი დამორჩილდა ღვთის ნებას, გაემართა იმ ადგილისკენ, სადაც დღეს მექა დგას და რიტუალის აღსასრულებლად სამზადისს შეუდგა. როდესაც ალაჰმა დაინახა, რომ იბრაჰიმი მზად იყო მსხვერპლად გაეღო ერთადერთი შვილი _ კრავი მოავლინა და ისმაილის ნაცვლად სწორედ მისი შეწირვა მოსთხოვა წინასწარმეტყველს, ნიშნად იმისა, რომ იბრაჰიმმა გამოცდა წარმატებით ჩააბარა.