რა შეცვალა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში დღემდე გავრცელებულმა ფარულმა ჩანაწერებმა? მმართველი პარტია ისევ 9 წელს ახსენებს და ,,ქართული ოცნების“ პერიოდში დაშვებულ შეცდომებს კვლავ ,,ნაციონალური მოძრაობის” მმართველობას უკავშირებს _ რატომ? _ ამ და სხვა საკითხებზე ,,გურია ნიუსთან“ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ ისაუბრა.
_ ბატონო რამაზ, ჩანაწერები, რომლებიც ბოლო დროს გავრცელდა, საზოგადოების ნაწილში ხელისუფლების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით ბევრ კითხვას აჩენს..
პროკურატურის მიერ გუშინ გავრცელებული ფარული ჩანაწერი, რომელშიც პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი და ,,ქართული ოცნების“ დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე ფიგურირებენ, რბილად რომ ვთქვათ, უნდობლობას იწვევს..
დღეს რა პოლიტიკური რეალობის წინაშე ვდგავართ? ხელისუფლების მისამართით საზოგადოების განწყობა შეიცვალა?
_ შესაძლოა, ხელისუფლების მისამართით საზოგადოების განწყობა შეიცვალა. თუნდაც იმიტომ, რომ ეს ჩანაწერები შევიდა და გამოვიდა პენიტენციურ სისტემაში. ისეთ სისტემაში, რომელიც ყველზე დაცული უნდა იყოს. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო აღარ არის.
რაც შეეხება პროკურატურის მიერ გუშინ გამოქვეყნებულ ჩანაწერს, თუკი ერთ შემთხვევაში, მირზა სუბელიანი არის დადგმის თანამონაწილე, მეორე შემთხვევაში რატომ უნდა გამოვრიცხოთ იგივე?! არც ერთი ჩანაწერი პოლიტიკური ინტერესებისგან თავისუფალი არ არის.
ჩემთვის ერთიც მიუღებელია და მეორეც. სამართლებრივი საკითხების მედიაში გადაწყვეტა კიდევ უფრო მიუღებელია, რადგან ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო აღარ გვაქვს.
მაგრამ მეორე მხრივ, არჩევანი რა არის _ ,,ნაციონალური მოძრაობა?!
_ ის, რომ ქვეყანაში “ნაციონალური მოძრაობაა“ არჩევანი, ეს ვისი ბრალია?
_ ეს ქართული საზოგადოების ბრალია, რომელმაც უკეთესი პოლიტიკური ორგანიზაცია ვერ ნახა ამ ხნის განმავლობაში..
_ პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ,,ქართულმა ოცნებამ“ სასამართლო სისტემა ისე შეცვალა, რომ მოსამართლეებს არ შეხებია და რომ დღეს სისტემაში 9 წელთან შედარებით, რადიკალურად შეცვლილი სიტუაციაა.
მაშინ, როცა საზოგადოებას კითხვები ,,ქართულ ოცნებასთან“ აქვს, მუდმივად ცხრა წელზე აპელირება რამდენად სწორია და როგორ ფიქრობთ, საგამოძიებო ორგანო დღეს დანაშაულებრივი სისტემისგან თავისუფალია?
_ ჩანაწერების ომმა ცხადი გახადა, რომ სამართალდამცავი სისტემა დანაშაულისგან თავისუფალი არ არის. ადრეც იყო ჩანაწერები, რაზეც გამოძიება პასუხს დღემდე არ იძლევა. დღეს კი გაჩნდა ჩანაწერების ახალი სერია. სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სისტემა მთლიანად არის ხარვეზიანი.
რაც შეეხება კობახიძის განცხადებას, ცხრა წელთან დაკავშირებით, ახლა შედარებით უკეთესი მდგომარეობაა, მაგრამ უკეთესობა ყოველთვის არ ნიშნავს სასურველს. უკეთესი, შესაძლოა, ძველთან შედარებით იყოს, მაგრამ მდგომარეობა, რომელიც კმაყოფილებას უნდა იწვევდეს, მეეჭვება რომ იყოს.
_ როგორ ფიქრობთ, სისტემაში დღესაც არსებობენ ადამიანები, რომლებიც ხელისუფლების დაკვეთას ასრულებენ? ერთ-ერთ ფარულ ნაწერში მირზა სუბელიანი ასახელებს კონკრეტულ ფაქტებს და საქმეებს, რომელთა მოგვარებაშიც პირადად აქვს მონაწილეობა მიღებული, მაგალითად, სერგო თეთრაძის საქმე, ნავთლუღის სპეცოპერაცია და ციხის ბუნტის საქმე, _
– სუბელიანის ჩანაწერებს ნუ მომიყვანთ მაგალითად. თუკი ზოგადად ვისაუბრებთ, შესაძლოა თუ არა, რომ ასეთი რამე ხდებოდეს ქვეყანაში, ბუნებრივია, არაა გამორიცხული.
არც ერთ სახელმწიფოში არ არის გამორიცხული, მითუმეტე,ს ისეთ მყიფე სახელმწიფოში, სადაც ისე მოუწესრიგებელია სიტუაცია, რომ ჩანაწერები მიდიმოდიან ტელევიზიებში, მაგრამ არის მეორე მხარე, მოსახლეობის დონეზე ეს არ იგრძნობა.
იმ ცხრა წელში, რომელზეც საყვედურობენ ,,ქართულ ოცნებას“, რატომ იხსენებსო, ქუჩაში ხვრეტნდნენ ახალგაზრდებს. ეს ფაქტი იყო და ცხრა წლის გახსენება იმიტომ არის საჭირო, რომ ახლა ხელისუფლებაში მოსასვლელად ემზადება ის ძალა, ვინც იმ ცხრა წილის განმავლობაში იყო ხელისუფლებაში.
_ ბოლოს, საპრეზიდენტო არჩევნები წლის მთავარი პოლიტიკური თემაა. როგორ აფასებთ წინასაარჩევნო კამპანიას და თქვენი აზრით, ვინ შეიძლება გახდეს ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი?
_ ამ საპრეზიდენტო არჩევნებს ვაფასებ ერთ-ერთ ყველაზე ჭუჭყიან კამპანიად, რაც საქართველოში აქამდე მინახავს. ჩანაწერების ფონზე მიდის საპრეზიდენტო კამპანია. აბსოლუტურად დაუდგენელია, ვინ რა თამაშის წესით მოქმედებს.
სწორედ იმიტომ, რომ ასე ჭუჭყიანად მიდის საარჩევნო კამპანია, ზურაბიშვილს აქვს გამარჯვების შანსი, იმიტომ, რომ მისი მხარე ამ ჭუჭყს არ იყენებს.
_ არც ერთ სოციოლოგიურ კვლევაში მმართველი პარტიის მხარდაჭერილი კანდიდატი არ ლიდერობს. რატომ ფიქრობთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ზურაბიშვილი გაიმარჯვებს?
_ არ მჯერა სოციოლოგიური გამოკვლევების. „რუსთავი 2“ აქვეყნებს თავისი დაკვეთით გაკეთებულ გამოკვლევას და როგორ გგონიათ, რას გამოაქვეყნებს?!