თბილისის ზოოპარკის ინფორმაციით, თბილისის ზღვის მიმდებარედ, ზოოპარკის ახალ ტერიტორიაზე, ირმებისა და ნიამორების ვოლიერის შემოსასაზღვრი თხრილის ამოღების დროს, ექსკავატორის მუშაობისას, უცნაური ნამარხი გამოჩნდა.
„აღმოჩენა იმდენად უცნაური იყო, რომ ფრაგმენტები გამოსაკვლევად შესაბამის ლაბორატორიაში გადაიგზავნა. ანალიზის პირველადი პასუხები გამაოგნებელია: თავის ქალას ნაწილები, სავარაუდოდ, აწ უკვე გადაშენებულ ცხოველს, კერძოდ გიგანტურ აქლემს ეკუთვნის (Camelus Giganteus, L.1778).
ეს სახეობა ჯერ კიდევ XIV საუკუნეში, ცნობილმა ვენეციელმა მოგზაურმა, მარკო პოლომ აღწერა. აი, რას წერს ის: „არაფერი მინახავს მონღოლურ სამკუზიან ცხოველზე განმაცვიფრებელი. მისი ზომები მართლაც რომ შთამბეჭდავია. ერთადერთი, რაც დაზუსტებით შემიძლია ვთქვა ისაა, რომ ის დაახლოებით ოთხჯერ აღემატება თაკლამაკანის უდაბნოში ნანახ აქლემს. ადგილობრივები მას „ზამაკს“ ეძახიან“.
საქართველოში ამ ცხოველის ნაშთების აღმოჩენა დიამეტრალურად ცვლის დამკვიდრებულ მეცნიერულ შეხედულებას იმის თაობაზე, რომ ჩვენი ქვეყნის საზღვრებში აბრეშუმის გზის მხოლოდ ერთი განშტოება ხვდებოდა. თუ დადასტურდა ნაპოვნი ფრაგმენტის კუთვნილება C. Giganteus-თან, დამტკიცდება ჰიპოთეზა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე აბრეშუმის გზის არა ერთი, არამედ ორი განშტოება გადიოდა. ეს კი, თავისთავად, მნიშვნელოვნად ზრდის საქართველოს როლს იმდროინდელი მსოფლიოს გეოპოლიტიკურ რუკაზე.
სახეობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მოსაძიებლად დავუკავშირდით მონღოლეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტს, ზოოლოგიის ინსტიტუტის დირექტორს, კამელიდთა კვლევის ეროვნული ცენტრის წამყვან სპეციალისტს, ბატონ ბადავჯან ლჰაგვასურენს. მისი განმარტებით, გიგანტური აქლემის საქართველოში აღმოჩენა, შესაძლოა, უკავშირდებოდეს განსაკუთრებით დიდი ზომის ტვირთის გადაზიდვას. სახეობასთან კუთვნილების დასადასტურებლად საჭიროა დეტალური გენეტიკური შესწავლა, ე.წ. Ancient DNA Analysis, რომელსაც მისსავე ლაბორატორიაში სრულიად უსასყიდლოდ ჩაატარებენ.
მოუთმენლად ველით კვლევის შედეგებს, ვინაიდან ამ აღმოჩენამ, შესაძლოა, ძირეულად შეცვალოს არსებული მოსაზრებები ერთა დიდი მიგრაციის შესახებ“, – აღნიშნულია თბილისის ზოოპარკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თუმცა, როგორც გაირკვა, ეს საპირველაპრილო ხუმრობაა. ამის შესახებ საზოგადოებრივს თბილისის ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ განუცხადა.
აღსანიშნავია, რომ “ახალი აღმოჩენის” შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე დევს ზოოპარკის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე შესაბამის ფოტოსთან ერთად, თუმცა, ადმინისტრაციას ამ დრომდე არ დაუწერია, რომ ეს ხუმრობაა.