8 სექტემბერს, გურიაში სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი იმყოფებოდა. საშიში მავნებლის, ფაროსანას წინააღმდეგ აუცილებელი ღონისძიებების გატარებისთვის დასახულ გზებსა და მეთოდებზე, მან დეტალურად ისაუბრა გურული ჩინოვნიკებისა და ფერმერების წინაშე.
„გურია ნიუსმა“ სოფლის მოსახლეობისთვის საინტერესო კითხვებით მიმართა მინისტრის მოადგილეს.
_ ბატონო გიორგი, მართალია, არსებობს თხილის არაერთი დაავადება და საშიში მავნებელიც გამოჩნდა, თუმცა არანაკლებ პრობლემას წარმოადგენს ხარისხიანი, გარანტირებული პრეპარატების საკითხი. კონტროლი თუ გამკაცრდება ამ მხრივ?
_ ასეთი კითხვის დასმა არ შეიძლება და მიკვირს. ცუდის გასახმოვანებლად უაპელაციოდ რაღაცის თქმა არ შეიძლება. წამლის ხარისხის შემოწმება ძალიან მაღალ დონეზე ხდება. სურსათის ეროვნული სააგენტო მთელი ძალისხმევით მუშაობს ამ მიმართულებით.
_ ამ პრობლემის შესახებ საუბრობენ გამოცდილი და მოტივირებული ფერმერები.
_ ვიმეორებ, ასეთ რამეს არავინ დაუშვებს. ნუ, ვთქვათ, ორი პროცენტი იყოს ფალსიფიცირებული ან უხარისხო. ამ საქმეზე შესაბამისი სტრუქტურები უდიდესი პასუხისმგებლობით მუშაობენ.
_ უამრავ დაავადებას შორის არსებობს სრულიად ახალი ვირუსული სოკო, რომელიც მთლიანად ახმობს თხილის ღეროებს, ბუჩქს. საფუძვლიანად თუ მუშაობენ მეცნიერები, რატომ ვერ ადგენენ ამ ვირუსის ტიპს?
_ კვლავ ისეთ რაღაცას მეკითხებით, რომ, წესით, არ უნდა დაისვას. უნდა გამოვრიცხოთ, რომ ამ კუთხით რაიმე პრობლემა არსებობს და ვინმემ ყურადღება მოადუნა. მუშაობს პრესა, ტელევიზია, საინფორმაციო ველი გახსნილია, ამუშავებულია სპეციალური შტაბი. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს თხილის გადასარჩენად, მთავარია, ახლა საზოგადოება დადგეს მის გვერდით.
_ ვირუსული სოკოს შესახებ ნაცადი, მცოდნე ფერმერები საუბრობენ და წუხან, რომ არ არის დადგენილი, რა ვირუსია ეს.
_ მეცნიერები მუშაობენ ძალიან მონდომებით. უამრავი პროგრამა მუშაობს. ანასეულში არაჩვეულებრივი მიწის ანალიზის ლაბორატორია გაქვთ და იქ ძალიან მცოდნე მეცნიერები მუშაობენ.
ჩვენ ერთი წუთით არ ვართ ტყვილა. თურქეთშიც გავაგზავნეთ აღნიშნულის შესახებ სინჯი ანალიზის ჩასატარებლად. ზოგადად, მსოფლიოში ყველა მოწინავე გამოცდილებას ვიზიარებთ, თუკი რამ არსებობს. წამით არ ვართ მოდუნებული.