საქართველოს ესტონეთის პრეზიდენტი, კერსტი კალიულაიდი სტუმრობს. სტუმარს აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დახვდნენ.
მასპინძლებმა კალიულაიდი პრეზიდენტის რეზიდენციაში მიაცილეს, სადაც ჯერ ოფიციალური შეხვედრა გაიმართა.
მოგვიანებით მედიისთვის ორი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი და კერსტი კალიულაიდი ბრიფინგს გამართავენ.
ვიზიტის ფარგლებში კალიულაიდი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდება და ქართულ-ესტონურ ბიზნესფორუმშიც მიიღებს მონაწილეობას.
ესტონეთის პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში იგეგმება ასევე შეხვედრები საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან ილია მეორესთან და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან.
საქართველოს და ესტონეთის პრეზიდენტები ხურვალეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლს ესტუმრებიან. კერსტი კალიულაიდი წეროვანის საჯარო სკოლასაც ეწვევა.
კერსტი კალიულაიდი ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექციას წაიკითხავს და ესტონური პროექტის ხელშეწყობით დაარსებულ კომპიუტერულ კლასს მოინახულებს.
გარდა ამისა, ესტონეთის პრეზიდენტი მეუღლესთან ერთად, კულტურული პროგრამის ფარგლებში, თბილისს, მცხეთასა და იმერეთის რეგიონს დაათვალიერებს.