დღეს საქართველოში მრავალი ეთნოგრაფიული მუზეუმი არსებობს, სიდიდით თუ საკუთრების ფორმით განსხვავებული. რა თქმა უნდა, სახელმწიფო საკუთრებაში არა ერთი მუზეუმია, ჩვენი ქვეყნის ყველა კუთხისთვის დამახასიათებელი თვალსაჩინო საყოფაცხოვრებო ნივთებით. თუმცა, უკანასკნელ წლებში ფართო გასაქანი ჰპოვა ცალკეული კერძო პირების მიერ საკუთარი გემოვნებით მოწყობილი ეთნოგრაფიული კუთხეების თუ უფრო სრული სახით წარმოდგენილი მუზეუმების მოწყობამ.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ გორმაღალში მცხოვრებ ახალგაზრდა ისტორიკოსს, გოგიტა გიორგაძეს, ორი შვილის მამას და სოფლის ეკლესიის სტიქაროსანს, საკუთარ კარმიდამოში უკვე საკმაოდ მოზრდილი ეთნოგრაფიული მუზეუმი აქვს. ის, დიდი ხანია, ეთნოგრაფიული ნივთების შეგროვებითაა დაკავებული და ეს საქმიანობა სტუდენტობის ასაკიდან დაიწყო. თუმცა, როგორც თავად გვეუბნება, ბავშვობიდანაც იზიდავდა ლამაზად ნაკეთი, ხეზე კვეთილობით თუ ძველი ტექნოლოგიებით დამზადებული და დამუშავებულ-გაფორმებული არა ერთი ნივთი, რომელსაც ოსტატის ხელი ეტყობოდა.
_ მინდა ჩემ კარმიდამოში პატარა ეროვნული მუზეუმი მქონდეს. ვიღაცას ეღიმება, ზოგი დამცინის კიდეც _ “შენ უბერავო”, მეუბნებიან. ზოგს პირიქით, მოსწონს ჩემი საქმიანობა და არა ერთ ადამიანს უჩუქებია სხვადასხვა საინტერესო ნივთი. ჩემი ხალხის ეთნოგრაფიული ყოფა და ამ ყოფის ამსახველი ნივთები განსაკუთრებული შთაგონებით მავსებს, ჩემი პროფესიის გამოც არის, ალბათ, რომ სულ ეთნოგრაფიული წიაღი მეძახის. ვაგროვებ ყველანაირ საყოფაცხოვრებო ნივთს, ოღონდ ყველა კუთხეში გავრცელებულს. მხოლოდ იმერული ყოფის დამახასიათებელი ნივთებით არ ვავსებ ჩემი პატარა მუზეუმის სივრცეს. ვეძებ, მჩუქნიან, მიგზავნიან; ხან გადაგდებულ, გაბზარულ ნივთებსაც ვპოულობ, ვასუფთავებ, ვცდილობ პირვანდელი სახე დავუბრუნო და განსაკუთრებულ ადგილზე ვდებ. სიბრალულის განცდა მაქვს _ მეცოდება უგულო ადამიანების მიერ მიგდებული და მოძულებული, _ გვიამბობს ის და საკუთარ კარმიდამოში დაგვატარებს.
კითხვაზე, ნაჩუქარ ნივთებს თუ აწერს, ვინ უსახსოვრა, ამბობს, რომ ყველა ადამიანი ახსოვს, ვისგან რა გადმოეცა, თუმცა, ჯერ სრულად ჩამოყალიბებული მუზეუმის სახე არ მიუცია თავისი კოლექციისთვის და როცა დაასრულებს შეგროვებას და შინ თუ გარეთ ნივთების განლაგებას, მაშინ ყველა ნივთს წარწერას გაუკეთებს.
გოგიტა გიორგაძის კარმიდამოში, ღია ცის ქვეშ, უამრავ ეთნოგრაფიულ ნივთს ნახავთ. ხშირად, მხატვრული კომპოზიციებიც გვხვდება. ხის კუნძებით, კრამიტით თუ სხვადასხვა ფორმის ქვებით გაკეთებული დეკორაციული ხაზები გარემოს უფრო საინტერესოს ხდის, ვიდრე მარტო ეთნოგრაფიული ნივთების ხილვა.
გუთანი, საწნახელი, სხვადასხვა ზომის ქვევრები სხვადასხვა ადგილზეა განლაგებული. თიხის ჭურჭელს _ ფიალებს, დოქებს, ჭინჭილებს სახლის სიმყუდროვეში აქვს კუთხე მიჩენილი. იქვეა ჩუქურთმებიანი მაგიდა, რომელიც განსაკუთრებით უყვარს ჩვენს მასპინძელს:
_ ეს მაგიდა ძალიან დიდი ხნისაა. მოგეხსენებათ, ხეზე კვეთის ხელოვნებას ჩვენს ქვეყანაში უძველესი ტრადიცია აქვს, დღეს კი დავიწყებას ეძლევა. ძალიან ცოტას თუ შეხვდებით ხეზე კვეთის ოსტატებს. ეს მაგიდა რომ ვნახე, საკმაოდ მოძველებული, მაგრამ ლამაზი, ნამდვილად ხელოვნებით შესრულებული, პატრონმა, ასაკოვანმა კაცმა, გოდერძი გეგუჩაძემ თავად მაჩუქა _ შემატყო, რომ მომეწონა. მან იცის ჩემი გატაცების ამბავი და გამახარა. ძალიან მადლობელი ვარ ამ ადამიანის, _ ამბობს იგი და წუხს, რომ ჯერჯერობით, ყველაფერი მაინც ერთ კუთხეში აქვს მოთავსებული.
_ მეტი ხიბლი და ეფექტურობა ექნება მაშინ, როცა მუზეუმის სახე მიეცემა, სხვადასხვა ოთახში განთავსდება და მიგნებულ ადგილს დაიკავებს, ამ ეტაპზე მაინც შეგროვილი კოლექციის პატრონი ვარ და მინდა ნაბიჯი უფრო წინ გადავდგა, _ ამბობს გოგიტა.
საქართველოში არა ერთ კერძო პირს აქვს საკუთარი ეთნოგრაფიული მუზეუმი. მოტივაცია, თითქმის, ყველგან ერთი და იგივეა _ ტურიზმის განვითარებასთან ერთად, ადამიანები ნელ-ნელა ფიქრობენ და ცდილობენ საკუთარი ძიებით განახლებული ეთნოგრაფიული სამყარო ჩართონ ამ მიმართულებაში.
_ ეს საქმიანობა რომ რაღაც კუთხით ბიზნესად ვაქციო და ტურიზმის განვითარებას ნაბიჯი ავუწყო, ბევრი კეთილისმყოფელი მირჩევს, თუმცა, ჯერ ამ კუთხით ნაბიჯი არ გადამიდგამს. ზოგს სასაცილოდაც არ ჰყოფნის ჩემი გატაცება, მათ შორის, შინაურებსაც. ამაზე მეცინება და რომ ჰგონიათ, საქმედალეული ვარ, მე მაინც მეტი მონდომებით ვაგრძელებ ჩემს საქმეს და მჯერა, რომ ერთ მშვენიერ დღეს აქ ძალიან ლამაზი, მოწესრიგებული და ტურისტებისთვის თუ ადგილობრივებისთვის საინტერესო სანახაობა მექნება. ჩემთან დღესაც ბევრი მოდის, მოჰყავთ მოსწავლეებიც, თუმცა, ეს უფრო სტიქიურად ხდება, _ გვეუბნება მასპინძელი და იხსენებს ერთ უსიამოვნო ამბავს, როცა უთხრეს, სამტრედიაში და ქალაქებში არ დადის ხალხი მუზეუმში და გორმაღალში ვინ ამოგაკითხავსო. ამის შემდეგ უფრო მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, სწორედ აქ, მშობლიურ გორმაღალში გააკეთოს ისეთი ეთნოგრაფიული მუზეუმი, მნახველი რომ არ მოაკლდება.
ახალგაზრდა ისტორიკოსი და ეთნოგრაფიული ნივთების კოლექციონერი ძალიან მოწადინებულია. ასე ახალგაზრდა ასაკიდანვე ფიქრობს, სასოებით შეგროვებული ნივთები მხოლოდ მის საკუთრებაში დარჩეს და მისი ექვსი წლის საბა და ორი წლის რატი იმ სულისკვეთებით გაზარდოს, რომ მუზეუმს ეპატრონონ, უყვარდეთ აქაურობა, გააგრძელონ მამის საქმე და სოფლის გამაგრების გზა ამ საქმეშიც ეძებონ.
_ მე ეს სამყარო, სოფლის იდილია და ტყეებით დაბურული გარემო მიტაცებს და არა ქალაქის ტროტუარები. ძალიან მაწუხებს იმაზე ფიქრი, რომ ამაში ბევრი თანამოაზრე არ მყავს. არც ესაა პრობლემა. მარტო რომ დავრჩე, ამ საქმეს მაინც არ დავთმობ, ასეთი შთაგონებით გავზრდი შვილებსაც, _ სიმტკიცე ეტყობა ხმაში და კითხვაზე, უყვარს თუ არა სასოფლო-სამეურნეო შრომა, გულწრფელად ამბობს, კი მიყვარს, მაგრამ მშობლები უფრო უძღვებიან ამ საქმეს და მე უფრო ჩემი გატაცებით ვარ დაკავებულიო.
ოჯახში, სოფლის შესაფერად, ჰყავთ შინაური პირუტყვი, ფრინველი, საკარმიდამო ნაკვეთში ხეხილოვნები არ აკლიათ, თუმცა, გოგიტას ყველაზე ძალიან უწყინარი ცხვარი უყვარს.
_ ჩვენი ცხვრები იმერული ჯიშისაა და ზედმეტად წყნარი, მიმნდობნი არიან. ძალიან მიყვარს, ხშირად ადამიანივით ვეფერები, კისერზეც ვისვამ და ამ ჩემს მუზეუმში დავატარებ… ძალიან მიყვარს ჩემი ეზო-გარემო, ჩემი პროფესია, რომელმაც ასეთი გატაცება შვა ჩემში, _ ამბობს ის და უახლოეს მიზანსაც გვიმხელს _ გოგიტას სურს, როგორც თვითონ ამბობს, მეტი სული შთაბეროს ამ გარემოს _ ერთ ჰოლში ისე განალაგოს ნივთები, რომ საგანგებოდ მოძიებულ და შედგენილ სოფლის ისტორიას ესადაგებოდეს. დანარჩენ ოთახებსა და ეზოში, ღია ცის ქვეშ კი ძირითადად ისე დატოვოს ყველაფერი, როგორც დღემდე გააკეთა. ამბობს, რომ შენიშვნების გათვალისწინება უყვარს, უაღრესად ეკლესიურია, სოფლის ტაძარში სტიქაროსანია და ერთადერთი, რასაც კარგად ვერ ასწრებს, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაა. უფრო სწორად, ამ საქმეს ოჯახში მშობლები უძღვებიან და სწორედ მათი დახმარებით შეძლო საყვარელი საქმიანობის ისე წარმართვა, რომ ახლა უკვე მის მიერ მოძიებული ეთნოგრაფიული ნივთები ერთი მუზეუმისთვის სავსებით საკმარისია.
_ ჩემი სოფელი სამტრედიიდან 18 კილომეტრითაა დაშორებული. ზოგს სწორედ ეს აკვირვებს და იმასაც კი მეუბნებიან, ქალაქის ეთნომუზეუმს ჩააბარე შენი ნივთები და ერთობლივად იმუშავეთო. თუმცა, მე სხვა აზრზე ვარ _ ჩემს სოფელში უნდა გავაკეთო ეს, საკუთარ ოჯახში და მნახველები აქეთ უნდა მოვიზიდო. ვფიქრობ, სოფლის გამაგრების საქმეში ასე საკმაო როლს შევასრულებ. ყოფილა შემთხვევა, ერთი ნივთი ხელიდან წამირთმევია და ფული გადამიხდია ადამიანისთვის, რომელიც ნახევარ ლიტრ არაყში ცვლიდა ან ამ ფასად ყიდდა ძველებურ სანათს თუ ფიალებს, _ ასე ასრულებს ჩვენთან საუბარს პროფესიით ისტორიკოსი, უდაოდ ნიჭიერი და პატრიოტი ახალგაზრდა კაცი გოგიტა გიორგაძე.
წარმატებას ვუსურვებთ საკუთარ სოფელზე და პროფესიაზე შეყვარებულ ადამიანს, რომელსაც სოფლის გამაგრების და შენარჩუნების საკუთარი საინტერესო ხედვა აქვს და არც ცდება _ ამ ყველაფერს საკუთარი საქმიანობით აჩვენებს მნახველებს.