Euronews-ი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის წევრის, გიგი წერეთლის სტატიას აქვეყნებს, რომელიც, კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული საერთაშორისო რეაგირების, პოლიტიკურ ინტიტუტების თანამშრომლობის და პარლამენტების აქტიური ფუნქციონირების საკითხებს ეხება.
„კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის დროს, ცხადი გახდა, რომ საზოგადოების მხრიდან თანამშრომლობის დონე მთავრობებისა და ექსპერტების რეკომენდაციების გასათვალისწინებლად, მჭიდრო კავშირშია დემოკრატიული ინსტიტუტების ნდობასთან. იმისათვის, რომ ამ ინსტიტუტების მიმართ ნდობა გაძლიერდეს, აღმასრულებელ და საკანონმდებლო შტოებს სჭირდებათ უპრეცედენტო თანამშრომლობა, ხშირად, პოლიტიკური განსხვავებების გვერდზე გადადებით.
მიუხედავად იმისა, რომ მთავრობებს აქვთ წამყვანი როლი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მხრივ რეაგირებაზე და უმეტეს შემთხვევაში იმოქმედეს გადამწყვეტად და ეფექტურად, უნდა არსებობდეს მჭიდრო კოორდინაცია პარლამენტებთან, და ისინიც, შესაბამისად, ფუნქციონალურნი უნდა იყვნენ ამ კრიზისულ პერიოდში.
პარლამენტები რჩებიან ერთერთ მთავარ ინსტიტუტად, რომლებიც ამ პერიოდის განმავლობაში ნორმალიზაციის გარემოს ქმნიან. ისინი უზრუნველყოფენ ზედამხედველობას , რომ საგანგებო ღონისძიებები სწორად არის განხორციელებული, რომ მოსახლეობის ეკონომიკური დახმარებისთვის ფინანსები გაიცემა საჭიროებისამებრ, რომ თავისუფლების შეზღუდვა პროპორციულია და დროებითი, რომ დაცული იყოს უსაფრთხოება და სტაბილურობა. ამ სამუშაოს შეჩერება შეუძლებელია.”-აცხადებს გიგი წერეთელი.
„დღეს, მთავარ რისკებს სამედიცინო პერსონალი იღებს და ყველაფერი უნდა გაკეთდეს მათ დასაცავად, ასევე პოლიცია და სამხედროები, სასურსათო მაღაზიების,მომუშავე საწარმოების, მიწოდების ქსელების თანამშრომლები, ყველა ვინც სასიცოცხლო ფუნქციებს ასრულებს.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა მხარს უჭერს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას და ინსტიტუტს, რომლებიც ერთად მუშაობენ. ახლა ერთიანობის დროა და არა პოლიტიკური ან ინსტიტუციური დაყოფის.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ლიდერები რეგულარულად აწყობენ ონლაინ ფორუმებს, რათა დაეხმარონ კრიზისზე საერთაშორისო რეაგირებას, სოლიდარობისა და პასუხისმგებლობის გაზიარებას, რომ ექიმები და სამედიცინო აღჭურვილობა განთავსდეს იქ, სადაც ყველაზე მეტად სჭირდებათ, რომ მიგრანტებმა და კონფლიქტში ზონებში მყოფმა ადამიანებმა მიიღონ საჭირო დახმარება. ჩვენ ასევე უნდა ვებრძოლოთ დეზინფორმაციას, ხელი შევუწყოთ საკვებსა და წყლის უსაფრთხოებას და ადამიანის უფლებების დაცვას. რეაგირების ციმისათვის, რომ ეს პასუხი იყოს ყოვლისმომცველი და ლეგიტიმური, პარლამენტარებმა უნდა ბრძოლის წინა ხაზზე და შეასრულონ თავიანთი მთავარი ვალდებულება-ემსახურონ ხალხს!” – ნათქვამია სტატიაში.