ევროკომისიამ და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების 2020 წლის ანგარიში გამოაქვეყნა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პანდემიის მიუხედავად, ქვეყანაში არ შეფერხებულა ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პროცესი, მათ შორისაა, გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილების და სოფლის მეურნეობის კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება.
ანგარიში დადებითადაა შეფასებული ევროკავშირის ნორმებსა და სტანდარტებთან დაახლოების დინამიკა და ხაზგასმულია, რომ ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა კანონმდებლობის სრულყოფის მიმართულებით. შედეგად, მიღებულია ტყის ახალი კოდექსი, რომელიც ტყის მდგრადი მართვის სისტემას აყალიბებს; საქართველოს პარლამენტში წარდგენილია საქართველოს კანონი, „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“; მიღებულია საქართველოს კანონი ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შესახებ“, რომელის საფუძველზეც ქვეყანა ჰაერის ხარისხის მართვის ევროპულ სტანდარტებზე გადავა; როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ევროკომისია და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი მიესალმებიან საქართველოში მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების კონცეფციის განხორციელებას და ვალდებულებების ეტაპობრივ დანერგვის დაწყების პროცესს, ასევე, ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის დოკუმენტის განახლებას; გრძელვადიანი დაბალი ემისიების განვითარების სტრატეგიის შემუშავებას და კლიმატის საბჭოს შექმნას, რომელმაც ინსტიტუციურად გააძლიერა კლიმატის საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესი; „აკვაკულტურის შესახებ“ კანონის მიღებას, რომელიც განსაზღვრავს აკვაკულტურის ზონებს სანაპირო წყლებში და შიდა წყლებში, ადგენს პირობებს ნებართვების გაცემის შესახებ. ანგარიშში დადებითადაა შეფასებული თევზჭერის სფეროში საკანონმდებლო და აღსრულების ნაწილში მიღებული პროგრესი, ასევე აღნიშნულია, რომ საქართველო გეგმის მიხედვით ასრულებს ვალდებულებებს სანიტარიული და ფიტოსანიტარული (SPS) მიმართულებით.
ანგარიშში ხაზგასმულია, რომ, 2020 წელს, ევროკავშირმა გახსნა შიდა ბაზარი საქართველოში წარმოებული ცხოველური წარმოშობის შინაური ბინადარი ცხოველის საკვებისთვის.