თენგიზ აბულაძის სურათი “ნატვრის ხე” იმ კატეგორიის შედევრებს განეკუთვნება, ყველა ეპოქაში, ყველა თაობისთვის ერთნაირად მისაღები რომ იქნება.
ამ ფილმის გადაღება კახეთში მიმდინარეობდა. სურათში არაერთი უნიკალური კადრია. ერთ-ერთი პატარა ბიჭის, ფინფანას სიმღერაა: ძონძებში ჩაცმული პატარა ბიჭი სოფლის ბილიკს მიუყვება და მთელი გრძნობით მღერის: “კარგი იყოო, არ გამეცან თავიდან”.
ეს ბიჭი, სახელად გელა, ბატონ თენგიზს კახეთში იმავე სოფელში უპოვია, სადაც იმ სცენებს იღებდნენ. გელა თავისთვის მიდიოდა თურმე, ჯიბეებში ხელებჩაწყობილი სოფლის გზაზე და მთელი გულით მღეროდა: “კარგი იყოო, არ გამეცან თავიდან.” თენგიზ აბულაძეს იმდენად მოსწონებია ეს ეპიზოდი, რომ გელა ფილმში თავისივე ტანსაცმლით გადაუღია, ყოველგვარი შელამაზების გარეშე.
რასაკვირველია გელას მონაწილეობა ფილმში მარტო სიმღერით არ დასრულებულა. ყველას ახსოვს ის კადრი, როდესაც ხეზე მყოფი ცელქი ყმაწვილი ფუფალას ზემოდან აფსამს. დაიწყეს ამ სცენის გადაღება. ავიდა ფინფინა (ფილმში ასე ჰქვია) ხეზე, ფუფალაც დაჯდა სოფლის სალაყბოზე, ჩაირთო კამერები, მაგრამ რად გინდა, ბავშვი ვერაფრით შარდავს.
“მიდი, გენაცვალე, ქენი, მიდი გენაცვალე, – მთელი გადამღები ჯგუფი ეხვეწებოდა გელას – რა ვქნა, არ მინდა, სახლში ვქენი და ალბათ, იმიტომ, ლიმონათი რომ დამალევინოთ, იქნებ, ვქნაო,” – ჩამოსძახა ხიდან გელამ.
თურმე ბიჭს ლიმონათი ჰყვარებია, სახლში კი ბევრის დალევას უკრძალავდნენ, გაწყენსო. შვიდი ბოთლი ლიმონათი რომ დალია და მაინც არაფერი გამოუვიდა, ის-ის იყო გადაღება უნდა შეეწყვიტათ, რომ უცებ ვიღაცამ იყვირა, გვეშველა, მოუნდა, მოუნდაო! და გელამაც პირნათლად შეასრულა იმ დღეს დაკისრებული მოვალეობა.
პატარა ყმაწვილმა გელამ ფილმის გადამღებ ჯგუფს თავი სამუდამოდ დაამახსოვრა.
ავტორი