ოზურგეთში, აქტიურად არა, მაგრამ თხილს ისევ იბარებენ. კვლავ ძალაშია ხარისხის შემოწმების „ადგილობრივი გამოგონება-მეთოდი“ _ჩაქუჩი და დანაყოფებიანი ხის დაფა.
_ ერთი ცალი საღი თხილის გული 75 თეთრია. თუ ყველა კარგი გამოვა ათი ცალიდან, ერთ კილოგრამს ჩავიბარებთ 7,50 ლარად, _ გვეუბნებიან წულაძის ქუჩაზე არსებულ მიმღებ პუნქტში.
კითხვაზე, მოაქვთ თუ არა ისეთი ხარისხის თხილი, რომ უმეტესი რაოდენობა ამ „ათი ცალიდან“ საღი იყოს, პასუხი ასეთია:
_ ვისაც გადანახული და გადამალული ჰქონდა, ყველა კარგია. უმეტესად ხარისხიანი პროდუქტი მოაქვთ. ამიტომ ვუხდით კარგადაც, _ გვეუბნება ქალბატონი ცირა ქილიფთარი.
თუმცა, ეს „კარგი გადახდა“ სულაც არ ჰგონიათ კანტი-კუნტად მოსიარულე ადგილობრივებს, რომლებსაც ხელში თხილით სავსე ტომარა ან მოზრდილი ჩანთა უჭირავთ.
_ ეს არის კარგი ფასი? თუ ხარისხიანია, როგორც თავად ამბობენ, ფასი ისეთი უნდა ჰქონდეს, როგორიც სხვა ქვეყნებშია. ჩვენც ვნახულობთ ინტერნეტში ფასებზე ინფორმაციას. თუმცა, აქ ეს ერთი თხილის გულის 75 თეთრიანი ფასი, 75-ად უნდა გაიყოს, ალბათ, იმდენი მეწილე ზის მაგ „ჯადოსნური“ შემოწმებით ჩაბარებული თხილის განაწილებაში. ტყუილს ვამბობ თუ? ერთი ჩაქუჩი კი აქვთ. ურო აკლიათ, ურო… ამ მაფიას სანამ არ ეშველება, მანამ არც ფაროსანას ეშველება და არც თხილის ფასს. სადმე არსებობს მსოფლიოში თხილის ფასის დადგენის და ჩაბარების ასეთი წესი? _ ცოტა ირონიულად საუბრობს ვაჟა გოგოლაძე, _ რომელიც გვეუბნება, რომ თხილი ჩოხატაურიდან ჩამოიტანა, საქმეზე იყო წამოსული და „გამოაყოლა ხელს“, ჩასაბარებლად.
_ 8 ლარს თუ არ გადამიხდიდნენ კილოგრამში, არ მეგონა, მაგრამ გზის ფულს გამოვრჩი, ყველი წამოვიღე გასაყიდად, სხვა საქმეც მქონდა და ეს გადანახულიც გამოვაყოლე. თხილით ვირჩენდით თავს და ახლა ამის მკურნალობას და ფასის დადგენას საშველი არ დაადგა… გზის ფული ვიშოვე, მაგის ჩაბრებით და ეგაა, – გვითხრა დამშვიდობებისას.
ოზურგეთში კი სულ რამდენიმე თხილის მიმღები პუნქტი მუშაობს და დღის განმავლობაში, აქ, ხან კაკალსაც იბარებენ, რომლის ერთი კილოგრამის ფასი , ძირითადად, ერთი ლარია.
ავტორი