შუაღამეა, გარეთ მხოლოდ ქარის ზუზუნი ისმის. ახლა საკუთარ თავს ყველაზე მეტად, სანგარში მყოფ ჯარისკაცს ვადრი. მეც იმ წარმოსახული ჯარისკაცივით ხშირად დავხედავ შენს ფოტოს და ეს მაძლევს ძალას. ძალას და სიცოცხლის გადარჩენის სურვილს. გადარჩენილი სიცოცხლე კი მხოლოდ შენთვის მინდა. ქარი არ დგება, წისქვილის ხვიმრში ჩაყრილი სიმინდივით ფქვავს ფიქრებს, მიშლის და მიშლის საღერღელს და მეც ვიგონებ შენთვის თავმოსაწონ საგმირო საქმეებს. აღარ დარჩა ქვეყნად გმირი, რომელთან ერთად არ გამევლო ის გზა, რითაც შენთან საკვეხნად თანაზიარი გავხდებოდი იმ გმირობებისა.
ვხედავ, როგორ მიდევს თავი შენს მუხლებზე, გიყვები ამბებს და შენ ასაკდავიწყებული როგორ კისკისებ. ახლა ცხადად ჩამესმის ეს ხმა ყურში. ვგრძნობ შენი ხელის სითბოს ჩემს თავზე და შენი მუხლების ჯერ არ განცდილ სურნელს. ეს ყველაფერი ისე ცხადია, რომ არ ვიცი, ხდება თუ უკვე მომხდარს ვიხსენებ. მე კი გაუჩერებლად გიყვები გაზვიადებულ და გალამაზებულ ათას ამბავს. არანაირი მნიშვნელობა არ ექნება ამ დროს, სად არის ზღვარი ამ ამბების სიმართლესა და სიცრუეს შორის. აქ უმთავრესია, რომ ბედნიერს გვხდის მისი მოსმენა. ბედნიერება კი მაშინაა სრული, როცა სხვას უზიარებ.
… და მეც გიზიარებ არა ამბავს, არამედ თვით ბედნიერებას.
“წერილები შორიდან”