3 აგვისტოს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, კურორტ გომისმთას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ეწვია. მის მოსვლამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მინისტრი აქ შეხვდებოდა ადგილობრივ მოსახლეობას, ხელისუფლების წარმომადგენლებს და ძირითადად ისაუბრებდა კურორტზე არსებული უამრავი უკანონო მშენებლობის შემდეგ, თუ როგორ მოხდებოდა საკუთრების რეგისტრაცია. საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ გომის მთას ახლახან მიენიჭა დაბის სტატუსი, შემდეგ კი იქ დაინიშნა ოზურგეთს მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი.
მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, ახლა კურორტზე სისტემური რეგისტრაცია იწყება, რომლის პროექტის მოსამზადებელი სამუშაოების მიმდინარეობას ვიცეპრემიერი, იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი აქ გურიის გუბერნატორთან ზურაბ ნასარაიასთან ერთად გაეცნო. მართლაც, მინისტრმა მოსვლისთანავე ამ საკითხზე დაიწყო საუბარი. იგი მიესალმა აქ შეკრებილ ორმოცდაათამდე ადამიანს, ჰკითხა მათ, არიან თუ არა ადგილობრივი მცხოვრებლები და საუბარი დაიწყო რეგისტრაციის შესახებ:
“თბილისში ასე ჩაითვალა, რომ ამ და სხვა კურორტებზეც, ყველამ უნდა იცოდეს, ვის რა ეკუთვნის. ამაში იგულისხმება ის, თუ ვის რა ჰქონდა ან რა აქვს. შეიძლება ადამიანს არ ჰქონდა საბუთი, მაგრამ აქვს შენობა-ნაგებობა; შესაძლოა, ჰქონდა, მაგრამ ახლა არ აქვს საბუთი. ასეთ დროს ხდება იმ პირთა მიერ ამ ქონების დადასტურება, ვინც ეს იცოდა.
დღეიდან აქ იწყება სისტემური რეგისტრაციის პროცესი. ჩვენ არ ავირჩიეთ სპორადული რეგისტრაციის პროცესი და ავირჩიეთ სისტემური რეგისტრაცია, რაც ნიშნავს იმას, რომ მივდივართ სოფელში. აქ გარკვეული დროის მანძილზე დარჩებიან ჩვენი თანამშრომლები. ისინი მოგემსახურებიან. თქვენ ეუბნებით მათ, რომელია თქვენი ნაკვეთი. აზომვით და დაზუსტებით შედგება ეს ყველაფერი და შემდეგ, როცა დავბრუნდებით თბილისში, დავდებთ იმ დოკუმენტაციას, რა იყო და რა არ არის. თქვენი საქმეა, აქ იცხოვროთ და იყოს მშვიდობა. ჩვენ არ ვართ ჟანდარმები და არც პოლიცია. თუ გინდათ, რომ აქ ზუსტად და სწორად დარეგისტრირდეს, რა გაქვთ და რა არა, უნდა ითანამშრომლოთ მათთან. ისინი არ არიან ადამიანები, რომლებიც გეტყვიან, რა გეკუთვნით და რა _ არა. ისინი მხოლოდ აღრიცხვას მოახდენენ. ამიტომ ნუ შეხვალთ კონფლიქტში, დაზოგეთ ნერვები. მათი ფუნქციაა, მოახდინონ აღრიცხვა. მოგემსახურებიან უფასოდ… ყოველივე ამის შემდეგ, კურორტს ექნება საკადასტრო რუკა… იმუშავეთ შეთანხმებულად, თუ გინდათ, რომ იცოდეთ, რა არის თქვენი და რა _ არა. ამას ჰქვია სისტემური რეგისტრაცია”, _ განაცხადა თეა წულუკიანმა.
ჩვენს კითხვაზე, იცის თუ არა, რომ აქ უმეტესად უკანონო მშენებლობებია და როგორ მოხდება დაკანონება, როცა მოქალაქეთა გარკვეული ნაწილი დიდი ხანია, აქ ბოძების დარჭობით არის დაკავებული, მინისტრმა კითხვა შემოგვიბრუნა:
_ თქვენ იცით, რომ უკანონოა?
_ დიახ და თქვენც უმეტესობამ, ყველამ იცით, რომ ასეა…
მინისტრთან დასმული კითხვა სასწრაფოდ დაგვიწუნა იქვე მდგომმა სასულიერო პირმა ირაკლი ახალაძემ:
_ რა არის ქალბატონო, უკანონო?
მის გვერდით მდგომმა მამაკაცმა, გვარად ასათიანმა, რომელიც, როგორც აქ გვითხრეს, “თავისი გაგებით” აწესრიგებს სიტუაციას, ჯიქურ შემოგვიტია:
_ თქვენ ჟურნალისტი ხართ? გვითხარით, რომელი ჟურნალისტი ხართ, რომ ვიცოდეთ, მაინც…
როცა ვუპასუხე, რომ “გურია ნიუსს” წარმოვადგენ, არაფერი უთქვამს, მინისტრს კი მადლობა გადაუხადა _ ჩვენც ეს გვინდა, რასაც თქვენ ამბობთო.
თეა წულუკიანმა თავის მხრივ საუბარი გააგრძელა:
_ გომისმთა არ იყო დღის წესრიგში. ჩვენ ჩავწერეთ და მოვდივართ პრეზენტაციით, რომ დაგეხმაროთ. გუშინ ჩვენ გაგვიჭირდა ოზურგეთის მერისთვის გაგვეგებინებინა, რა გვინდოდა. ძალიან ცუდად მიგვიღეს მერიაში. იქ ყველა აჟიტირებული იყო. გვითხრეს, რომ აქ ყველაფერი მიტაცებულია. სამაგიეროდ, კარგად გაიგო გუბერნატორმა… თუ სისტემური რეგისტრაცია არ ჩატარდა, ისე კურორტი ვერ განვითარდება. შესაძლოა, მიტაცებულია, როგორც ქალბატონი ჟურნალისტი ამბობს, შესაძლოა, არ არის ასე. ამიტომ უნდა მოხდეს რეგისტრაცია, _ განაცხადა მინისტრმა.
მან მოიყვანა მაგალითები, სხვადასხვა დავის შესახებ, როცა კერძო მესაკუთრეები ვერ ადგენენ ან ვერ იყოფენ საზღვრებს. როცა ერთი ნაკვეთი მეორისაში შედის ან ესაზღვრება. ასეთ დროს ან ერთი მიიღებს, ან _ მეორე ან დარჩება ისე, როგორც არის.
თეა წულუკიანმა გამოთქვა საკუთარი მოსაზრება დასახლების ვიზუალური მხარის შესახებ:
_ მე მთას კარგად ვიცნობ… რაც შეუიარაღებელი თვალით ვნახე, პატარ-პატარა კომპლექსებია, უფრო დაქუცმაცებულს ჰგავს…
გომისმთის გამგებელმა, ბესო ლომინაძემ, რომელიც ახლახან დაინიშნა ამ თანამდებობაზე და კარგად იცნობს მთას, თქვა, რომ აქ თავიდან 700-მდე სახლი იყო. ბოლო პერიოდში კი ორიათასამდეა და მიესალმება რეგისტრაციის პროცესის დაწყებას.
ჩვენ გავარკვიეთ, თუ რა საუბარი შედგა წინა დღით ოზურგეთის მერიასა და მინისტრის წარმომადგენლებს შორის, რაზეც წულუკიანმა თავისი გამოსვლისას აღნიშნა. ჩვენი ინფორმაციით, მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ პირდაპირ თქვა, რომ გომისმთაზე არის უკანონო მშენებლობები და შეეწინააღმდეგა ხელაღებით დარეგისტრირებას. თუმცა, შემდეგ გაირკვა, რომ, ამ ეტაპზე, ხდება მონაცემების აღრიცხვა და დაზუსტება, ვის რა საკუთრება გააჩნია კურორტზე. ამ მონაცემების სრულად მოწესრიგების შემდეგ კი, მოხდება საკადასტრო რუკის შედგენა, რაც კურორტის განვითარების წინაპირობაა.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, უკანონო მშენებლობების პროცესის პარალელურად, გომისმთაზე არაერთი არაკეთილსინდისიერი ადამიანი იჩენდა და იჩენს წარმოუდგენელ სიხარბეს და ზოგს შვიდი და რვა ნაკვეთი აქვს ბოძებით და ხიმინჯებით შემოსაზღვრული, რომ სამომავლოდ გაყიდოს და ეს ერთგვარი საშოვრის წყაროდ აქციოს. არაერთი მოქალაქე ჟურნალისტებს ამ თემაზე საგანგებო მუშაობას და ფაქტების გამოაშკარავებას გვთხოვს.
სისტემური რეგისტრაციის პირობების გაცნობის შემდეგ, გომისმთაზე მოსულ ადგილობრივ მცხოვრებლებს გადასცეს საინფორმაციო მასალები. ხოლო საჯარო რეესტრის საველე ჯგუფებმა, რომლებიც აქ სამუშაოდ რჩებიან, გააცნეს ინფორმაცია საკადასტრო აზომვების სხვადასხვა საკითხებზე, რელიეფსა და სხვა პროცედურულ დეტალებზე. აქვე ითქვა, რომ მიუხედავად სხვადასხვა სირთულისა, საამზომველო სამუშაოები აგვისტოს ბოლომდე უნდა დასრულდეს.
როგორც ცნობილია, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მოქალაქეების მომართვას არ დაელოდება და ნაკვეთის რეგისტრაციისთვის საჭირო ყველა პროცედურას _ საკადასტრო აგეგმვა/აზომვითი ნახაზების მომზადება, საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიება-ანალიზი და ნაკვეთების დარეგისტრირება _ საკუთარი ინიციატივით უფასოდ განახორციელებს. პროექტი კერძო მესაკუთრეებს საშუალებას მისცემს, მიწის ნაკვეთები მარტივად და უფასოდ დაირეგისტრირონ, შეძლონ რეგისტრირებული საკუთრების ეფექტურად განკარგვა და ეკონომიკური სარგებლის მიღება.