საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სხდომაზე, სადაც ბუნებრივი გაზის ტარიფების დადგენის მიზნით ადმინისტრაციულ წარმოების დაწყების საკითხზე მსჯელობენ, ხმაური იყო.
დაპირისპირება კომისიის წევრ გიორგი ფანგანსა და „ლეიბორისტული პარტიის“ წარმომადგენელ გიორგი გუგავას შორის მოხდა.
ხმაური სხდომაზე მას შემდეგ დაიწყო, რაც გუგავამ სიტყვით გამოსვლისას სემეკ-ის წევრებს გაზის ტარიფზე კითხვები დაუსვა. მისი განცხადებით, სემეკ-ი ხელისუფლების დაკვეთებს ასრულებს და კომისიის წევრები ხელისუფლების წარმომადგენლებთან გარიგებაში დაადანაშაულა. გუგავამ კომისიის წევრ დავით ნარმანიასაც მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.
„ბატონო დავით, მე რომ მკითხოთ, პასუხს უნდა სცემდეთ პროკურატურას, საჯარო ჩინოვნიკმა როგორ დააგროვეთ მილიონობით ქონება. ამაზე უნდა სცემდეთ პასუხს და მე არ უნდა მკითხავდეთ აქ“, – მიმართა გიორგი გუგავამ დავით ნარმანიას.
კომისიის წევრმა გიორგი ფანგანმა მოუწოდა გიორგი გუგავას, დაესვა შეკითხვა ან დაესრულებინა დემაგოგია.
„კარგით, დაამთავრეთ დემაგოგია. რამდენჯერ უნდა მოაწყოთ ეს დემაგოგია, არ დაიღალეთ მაინც? არ გრცხვენიათ, არ გცხვენიათ, მაგრამ ელემენტარულად არ დაიღალეთ?“, – მიმართა გიორგი ფანგანმა „ლეიბორისტული პარტიის“ წარმომადგენელს, რაც მოგვიანებით სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
პროცესის გასანეიტრალებლად სემეკ-ის დაცვის თანამშრომლების ჩართვა გახდა საჭირო და გიორგი გუგავას დარბაზი დაატოვებინეს.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) ბუნებრივი გაზის ტარიფების დადგენის მიზნით ადმინისტრაციულ წარმოებას იწყებს. კომისიამ ახალი ტარიფები გეგმურად, 31 დეკემბრამდე უნდა დაადგინოს. საუბარია „თბილისი ენერჯის“ (ყოფილი „ყაზტრანსგაზ-თბილისი“), „სოკარ ჯორჯია გაზის“, „საქორგგაზის“, ასევე მცირე ზომის კომპანიების მიწოდების, განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფების დადგენაზე.
სემეკ-ი „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ ტრანსპორტირების ტარიფსაც გადათვლის.
წყარო: 1ტვ