გიორგი გახარიამ ტელეკომპანია პირველის ეთერში, დანაშაულის მატება-კლების მიზეზებზე ისაუბრა და მინისტრმა, სტატისტიკური მონაცემები განიხილა.
„პირველი _ რეალურად, პრობლემის გადაწყვეტისთვის პრობლემის იდენტიფიცირება უნდა მოხდეს. ჩვენ ძალიან კარგად გვესმოდა, როდესაც სტატისტიკაზე ვთქვით, რომ სტატისტიკის აღრიცხვიანობა და გამოქვეყნება იქნება სრულად ტრანსპარენტული. ძალიან კარგად მესმოდა და ვიცოდი, რომ გარკვეული პერიოდის შემდგომ ეს იქნებოდა გამოყენებული ძალზედ მძლავრ პოლიტიკურ ინსტრუმენტად ზემოქმედებისთვის და ზეწოლისთვის, რაც ახლა ფაქტობრივად ხდება.
მახსოვს, პარლამენტში ვთქვი კიდეც – მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვარ, 1 წელიწადში ზუსტად ასეთი მდგომარეობა იქნებოდა, ჩვენ მაინც ჩვენს პოზიციას არ შევიცვლით. ეს პრინციპული თემაა ჩვენთვის, ფასეულობების თემაა. რატომ? იმიტომ, რომ თუ არ მოვახდინეთ პრობლემის სწორ იდენტიფიცირებას, ამ პრობლემის სისტემური გადაწყვეტა ვერ მოხერხდება. ჩვენ ვსაუბრობთ სისტემურ ცვლილებებზე. ყველას ხომ კარგად გვესმის, რომ ნულოვანი ტოლერანტობა და მსგავსი – ეს არის მოკლე ვადაში პრობლემის გადაწყვეტის საშუალება. გრძელვადიანში მსგავსი ინსტრუმენტებით პრობლემა ვერ წყდება.
სტატისტიკას თუ შევაფასებთ ობიექტურად ვნახავთ ერთ რამეს, რომ მძიმე დანაშაული, ისეთი როგორიც არის მკვლელობა, დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობა, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება, ყაჩაღობა – ყველაფერი რაც არის მძიმე, აქ ჩვენ ვდგევართ ამ ერთი და იგივე დონეზე, ან გვაქვს შემცირება, უმნიშვნელო, მაგრამ შემცირება.
ობიექტურ ციფრებზე და რეალობაზე ვსაუბრობთ. ჩვენ რომ ავიღოთ სტატისტიკური ციფრები, კონკრეტული ციფრები 2001 წლიდან, მაგალითად, მკვლელობის ნაწილში – 108, 109 მუხლი – ისეთი დაბალი, მცირე რაოდენობა, როგორიც გვაქვს 2017 და 2018 წელს, არ გვქონია არასდროს. 2017 და 2018 წელი იყო პირველი წელი, როდესაც საქართველო მკვლელობების რაოდენობით ჩამოცდა ნიშნულ 100-ს. ისეთ მძიმე დანაშაულში, როგორიც არის ყაჩაღობა, ჩვენ გვაქვს ერთმნიშვნელოვნად კლება და ეს ყველაფერი ფიქსირდება.
ეხლა გავაგრძელოთ… ჩვენ არ ვამბობთ, რომ ყველაფერი არის კარგად. როდესაც ვსაუბრობთ, ადეკვატურად უნდა შევაფასოთ რაზე ვსაუბრობთ, ციფრებზე ვსაუბრობთ, მათემატიკაა. თუმცა, ისეთი დანაშაული როგორიც არის ქურდობა, არის გაზრდილი, ერთმნიშვნელოვნად და არის საკმაოდ მნიშვნელოვნად გაზრდილი. იმ საერთო ზრდის, 2018 წლის ზრდის 62%-ი მოდის სხეულის მსუბუქ დაზიანებებზე და ქონების წინააღმდეგ დანაშაულზე.“ _ განაცხადა გიორგი გახარიამ.