“პირის დაზარალებულად ცნობას აქვს თავისი პროცედურები და როგორც ვიცი მაკო გომურთან მიმართებაში ეს პროცედურები მიმდინარეობს” – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა. მედიის წარმომადგენლები დაინტერესდნენ თუ რატომ არ ხდებოდა 20-21 ივნისს დაზარალებული პირებისთვის ამ სტატუსის მინიჭება რაზეც გახარიამ თქვა, რომ პროცედურებს თავისი ვადები აქვს.
“როგორც კი დასრულდება პროცედურები მაკო გომური იქნება დაზარალებულად ცნობილი. მაკო გომურისთვის შეხვედრის თხოვნით არ მიმიმართავს, თუმცა შეიძლება მივმართო, ამის სურვილი როცა მექნება მაშინვე გადმოგცემთ,” – განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი გახარიამ.
შეგახსენებთ, რომ 20 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების შემდეგ, გენერალურმა პროკურატურამ დაზარალებულად უფრო მეტი სამართალდამცველი სცნო, ვიდრე აქციის მონაწილე.
ინფორმაცია “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” მთავარ საგამოძიებო უწყებაზე დაყრდნობით გაავრცელა.
საია-ს ცნობით, პროკურატურამ 67 სამართალდამცველი და აქციის 4 მონაწილე სცნო დაზარალებულად. აღსანიშნავია, რომ დაზარალებულის სტატუსი არ მიენიჭა მაკო გომურს, რომელმაც ე.წ. გავრილოვის ღამეს გავითარებული მოვლენების დროს თვალი დაკარგა.
“რომ შევხედოთ ჩვენ სტატისტიკას დაკავებულების რაოდენობას, იმ ადამიანების რაოდენობას, რომლებსაც მიენიჭათ დაზარალებულის სტატუსი, ასევე იმ ადამიანებს, რომლებსაც ადმინისტრაციული სახდელი დაეკისრათ, ვხედავთ, რომ ყველაფერი არის შერჩევითი. მაშინ, როდესაც არ არის დასჯილი არც ის ადამიანი, რომელიც გასცემდა უკანონო ბრძანებას და არც პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა გახარიასი, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ შერჩევითი მიდგომები იყო ამ საქმეზე”, – აცხადებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ხელმძღვანელი ეკა გიგაური.
rustavi2.ge