„ბანკის დამფუძნებლების ირგვლივ განვითარებული მოვლენები „თიბისი“ ბანკისთვის დამაზიანებელია. ეს ინფორმაცია საერთაშორისო მედიაში გავა და არსებულ და პოტენციურ ინვესტორებს დააფრთხობს“,_ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ დამოუკიდებელმა ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ.
მისივე თქმით, „შს მინისტრი გიორგი გახარია საკმაოდ ფრთხილი და წინდახედული ადამიანი ჩანს და გაუგებარია, ხაზარაძეს, რატომ გაუგზავნიდა ისეთ წერილს, რომელიც ბანკის დამფუძნებელმა მის წინააღმდეგ გამოიყენა“.
„მამუკა ხაზარაძემ, როგორც ჩანს, ასეთი ტაქტიკა აირჩია_საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა. კითხვები ჯერ კიდევ არსებობს და იმედია, ადრე თუ გვიან ყველაფერს ნათელი მოეფინება. საქმის ჩაფარცხვა და მიჩუმათება არავის ინტერესებში არ უნდა შედიოდეს. გახარიას მხრიდან შანტაჟის შემცველი წერილის მამუკა ხაზარაძისთვის გაგზავნა ძალიან დიდი სისულელე იქნებოდა. შს მინისტრი საკმაოდ ფრთხილი და წინდახედული ადამიანი ჩანს და გაუგებარია, ხაზარაძეს, რატომ გაუგზავნიდა ისეთ წერილს, რომელიც, ბანკის დამფუძნებელმა მის წინააღმდეგ გამოიყენა ?!“,_ აღნიშნა ანჯაფარიძემ.
ანჯაფარიძე „ქართულ ოცნებაში“ მიმდინარე კრიზისულ ვითარებასაც აფასებს. მისი თქმით, „აღნიშნული პროცესები პარტიაში ახალი ადამიანების შედინების საფუძველი გახდება“.
„მმართველ პარტიაში მიმდინარე პროცესები კანონზომიერია და შესაძლოა, პარტიისთვის უკეთესიც იყოს. პარტიიდან ის ადამიანები მიდიან, რომლებიც გუნდში პირადი ან პოლიტიკური გემოვნების მიზნით შევიდნენ. აღნიშნული პროცესები პარტიაში ახალი ადამიანების შედინების საფუძველი გახდება“, _ აღნიშნა ანჯაფარიძემ.