ანსამბლმა “ორერამ” თავის დროზე ქართული ესტრადის ისტორიაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. ჯგუფი დიდი პოპულარობით სარგებლობდა იმდროინდელ საბჭოთა კავშირში და ამისი ნათელი დადასტურება გახდა წინა საუკუნის 60-იან წლებში გადაღებული მუსიკალური ფილმი “ორერა“ სრული სვლით”.
“ორერას” ფენომენი გამოიხატებოდა დიდ სტილისტიკურ მრავალფეროვნებაში. ერთი კონცერტის განმავლობაში მსმენელს შეეძლო მოესმინა ქართული ფოლკლორი, ქალაქური სიმღერა, იტალიური, ჩიტო-გვრიტო, დვორჟაკის კლასიკურ ნაწარმოებებზე აგებული ვოკალი, სიმღერები ნათ კინგ ქოლისა და ფრენკ სინატრას რეპერტუარიდან, “მზიური ველის სერენადის” საუნდტრეკიდან, ძველი რუსული რომანსები, იმდროინდელი რუსული ჰიტები, მექსიკური “კუ-კუ-რუ-კუ-კუ პალომები” და ა.შ.
დღევანდელ წერილში სწორედ რომ “ორერას” გავიხსენებთ.
თავდაპირველად სიტყვა ბატონ ოთარ ბესელიძეს გადავცეთ, რომელსაც თავისი მოღვაწეობის რამდენიმე წელი ამ ანსამბლში აქვს გატარებული.
“ნამდვილად პირველი იყო. “ორერას” უნიკალური ჟღერადობა გააჩნდა, რასაც ჩემი აზრით, ზურიკო იაშვილის “პირველი” განაპირობებდა. “ორერა” უბადლოდ ასრულებდა ნებისმიერ მრავალხმიანობას დაწყებული ქართული ფოლკლორიდან, დამთავრებული – ამერიკული ტრადიციული ჯაზ-კვარტეტების ნიმუშებით. პროგრამაში უხვად იყო ნომრებიც, სადაც ანსამბლის წევრები წარდგებოდნენ დუეტების სახით ან სოლისტის ამპლუაში.
განსაკუთრებით მინდა გამოვყო გენო ნადირაშვილი თავისი შესანიშნავი ბარიტონით და ჯაზური სულით. ვიდრე ვოკალურ კარიერაზე გადაერთვებოდა, გენო სერიოზულად იყო გატაცებული კონტრაბასით და ჯაზმენებშიც საკმაო პატივისცემით სარგებლობდა.
დიდი მოწონებით იღებდა მაყურებელი თემო დავითაიას სოლო ნომრებს, ხოლო მისი სილაღე და არტისტიზმი ჩვენს კონცერტებს დაუვიწყარს ხდიდა.
რობერტ ბარძიმაშვილთან უშუალო თანამშრომლობა არ მომიწია, მაგრამ არავისთვის იქნება აღმოჩენა, რომ “ორერა”, როგორც იმ დროის ცნობილი მუსიკალური ბრენდი, რობერტის პროდიუსერულ-მენეჯერული ნიჭისა და მოღვაწეობის შედეგი იყო.
ერთი პერიოდი ტელევიზიაშიც ვმუშაობდი და ერთხელ თავად შევესწარი “ორერას” ერთ-ერთი კომპოზიციის ჩაწერის პროცესს. არ დაიჯერებთ – ერთი და იგივე სიმღერა რვაჯერ ჩაწერეს და ბარძიმაშვილი მხოლოდ ბოლო დუბლის შემდეგ დარჩა კმაყოფილი.
ვახტანგ კიკაბიძეს ბოლო პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა პოლიტიკურ შოუებში მონაწილეობის გამო მკაცრად აკრიტიკებენ, მაგრამ იმ ფაქტს გვერდს ვერ ავუვლით, რომ პოპულარული მომღერალი ბრძანდებოდა.
კიდევ ერთი პერსონაჟი, განუმეორებელი ნანი ბრეგვაძე. ნანი რომ ქართული სიმღერის უბადლო შემსრულებელია, ეს არავის უკვირს, რადგან ეს მათ ოჯახში გენეტიკური მოვლენაა.
ანსამბლის მუსიკალური ხელმძღვანელი თეიმურაზ მეღვინეთუხუცესი გახლდათ, უმაღლესი დონის არანჟირების ოსტატი. შინაურობაში “წიმას” ვეძახდით. მოსკოვში ერთ-ერთი გასტროლის დროს “ორერას” შესთავაზეს გლენ მილერის ნაწარმოებებიდან შემდგარი პოპურის ჩაწერა დიდი ორკესტრის თანხმლებით. პარტიტურა არ არსებობდა. დაჯდა ეს ჩვენი “წიმა” სასტუმროს ნომერში, დაიდგა კათხით ყავა, ერთი კოლოფი სიგარეტი და ღამის განმავლობაში ზეპირად, ანუ ინსტრუმენტის გარეშე დაწერა რვა წუთიანი პარტიტურა დიდი ორკესტრისთვის. ასეთი რამის გაკეთება ბევრს არ შეუძლია”.
“ორერას”ხშირად უწევდა საგასტროლო ტურნეებში მოგზაურობა. რასაკვირველია მის წევრებს არაერთი კურიოზი აქვთ გასახსენებელი და წერილის მეორე ნაწილი ამ ისტორიებს მიეძღვნება.
თემურ დავითაია იხსენებდა:
“აფრიკაში ვართ. აკლიმატიზაციას გავდივართ. ჩამოგვარიგეს ორ-ორკაციან ოთახებში. მე და ცხონებული ზურა იაშვილი ერთ ნომერში მოვხვდით. ნომერი კი მოგვეწონა, ოღონდ ერთმა გარემოებამ გაგვაოცა – ლოგინზე ზემოდან მარლა გადაეჭიმათ.
კავკასიელებს შეზღუდვები არ გვიყვარს და გადავგლიჯეთ ეს მარლები. გავაღეთ ფანჯრები, დავწექით და დაღლილებმა მივიძინეთ. არ ვიცი, რამდენ ხანს გვეძინა.
გამომეღვიძა. ვხედავ ვიღაც სახეგაღაჟღაჟებული, ჩაპუტკუნებული კაცი წევს ზურას ლოგინზე და დაუხუჭია თვალები სოსოიას რუსივით. თავი დავიმშვიდე, ალბათ ზურა ადმინისტრატორმა გაიყვანა და ვიღაცა შემოიყვანა მის მაგივრად-მეთქი. ავდექი.
ფეხის ხმაზე ამ კაცსაც არ გაეღვიძა? – შემომხედა და სასწრაფოდ წამოჯდა ლოგინზე.
– ვაიმე, ვინ ხარ შენ? – მეკითხება სუფთა ქართულით.
– ნუ გეშინია, მეც ქართველი ვარ-მეთქი – დავამშვიდე აბდუშაჰილივით.
– რა გიგავს, კაცო, შენ ქართველს? მაგ სისქე და მაგ სიფათ-სახის პატრონი ქართველი რაა, სიზმარშიც არ მინახავსო, – მიყურებს შეშფოთებული თვალებით.
– კი ბატონო, ნამდვილად ქართველი ვარ, თან – თბილისელი.
– მეც თბილისელი ვარ, – მეუბნება სხვათა შორის.
– სად მუშაობ, თუ საიდუმლო არაა? – ვხიე მორიგი კითხვა.
– “ორერაში”, ჩემო ბატონო, “ორერაში”, ხომ გაგიგონია “ორერა”?
– მეორე “ორერა” ჩამოაყალიბეთ თქვე აფერისტებო სადმე? ერთში მე ვმღერი და იქ შენ არსად დამინახიხარ-მეთქი, – გამოვედი მოთმინებიდან.
– ძმაოო! – იბღავლა იმ კაცმა და გადამეხვია აცრემლებული. ზურა ვარ, ბიჭო, იაშვილი, ზურა!
– ძმაო, ზურა! – ვიბღავლე და გადავეხვიე, ვტირივართ სიხარულით და ვეხვევით ერთმანეთს ხვიჩა და გოჩასავით.
არადა, შეცდომა თურმე მაშინ დავუშვით, როცა ის წყალწასაღები ფარდები გადავაცალეთ ლოგინებს. ისე დავუკბენივართ იქაურ კოღოებს, რომ ძლივს ვიცანით ერთმანეთი”.
დღევანდელ წერილს კი ბატონი გენო ნადირაშვილის ერთი სახალისო მოგონება დაასრულებს.
“მოსკოვში ვართ გასტროლებზე. “როსიაში” დავბანაკდით. ახალგაზრდები გახლდით. სისხლი გვიდუღს. კავკასიელი ბიჭები რომ რუს გოგოებს მაგრად ვუგებთ, ყველასათვის ნათელია. არადა, სასტუმროში უცხო გოგოს ვინ შეგაყვანინებს?
გავიცანით მე და თემო დავითაიამ ორი რუსი გოგო. არ გინდა სასტუმროში შეიყვანო?! ჩვენი ნანი ბრეგვაძე უნდა “შეგვეკერა”, ცოტა გულუბრყვილო იყო და გეგმაც შევიმუშავეთ.
საღამოს, როდესაც ამ “დუშკების” შემოყვანას ვაპირებდით, წინასწარ შევედით ნანის ოთახში, მაცივრის ჩასართავი მოვშალეთ და გამოვიპარეთ უკან. ცოტა ხანში ნანი გვეძახის:
– ჩემო მაცივარი არ მუშაობს.
– ვიცით, ვიცით, – წამოსცდა თემოს და ენაზე იკბინა.
– მოიცა, საიდან იცი? – დაეჭვდა ნანი.
– ახლა არ გვითხარი? – გამოვასწორე შეცდომა, – მაგას შვეიცარი გააკეთებს. ა, 3 მანეთი და მიეცი-მეთქი, – “ვაჩუქეთ” ქრთამი.
– ჩვენს სოლისტს მაცივარი გაუფუჭდა, ადი, გაუკეთე, მაღარიჩი იქნება-მეთქი, – “შევაბით” შვეიცარი. ვერაფერს მიხვდა, წამოეგო ანკესზე.
დანარჩენი ტექნიკის საქმე იყო, ნანი – მაცივართან, შვეიცარი – ნანის ნომერში, ის გოგოები – ჩვენს ნომერში. კაცს ჭკუა და მოხერხება გჭირდება, თუ არა, “როსიაში” 3 მანეთად ისეთ რამეებს გააკეთებ, თვითონაც გაოცებული დარჩები.
ასეთ “შტუკებს” ნანი გვიან ხვდებოდა და გვარიანადაც გამოგვლანძღავდა ხოლმე, მაგრამ ამდენი ძმები ერთი დის გალანძღვას ვაჟკაცურად ვუძლებდით.”