დღევანდელ მოგონებებში სიტყვას ცნობილ ქართველ ფეხბურთელებს გადავცემ, რომლებიც საკუთარი სპორტული ბიოგრაფიიდან რამდენიმე სახალისო ისტორიას გაიხსენებენ.
ჩვენი პირველი სტუმარი ბატონი რევაზ ჩელებაძე იქნება. ერთ დღეს თბილისის „დინამოელები“ მოსკოვში იმყოფებოდნენ, სადაც ადგილობრივი ლამაზმანები გაიცნეს. გოგონებმა ქართველები ბინაში მიიპატიჟეს…
„თბილისის „დინამოში” რომ მოვედი, იმხანად ფილმი გამოვიდა _ „ჩერმენი“. ჩერმენს შემადარეს და მასე მეძახდნენ. მეც ვიფერებდი, რა თქმა უნდა.
უცოლო ბიჭები ვიყავით, გერმანიიდან დავბრუნდით მოსკოვში და ერთად ვართ მე, დათო ყიფიანი და შოთა ხინჩაგაშვილი.
მოკლედ, „საგულაოდ“ წასვლა გადავწყვიტეთ, ერთმა მანდილოსანმა სახლში მიგვიპატიჟა. გამევიპრანჭეთ, შენ ხარ ჩემი ბატონი და ვესტუმრეთ. სამი სამზე ვართ. იმან, ვინც დაგვპატიჟა, დაქალები დაგვახვედრა, მარა სამი გოგოდან ერთი ნამეტანი მარწყვივით იყო და სამივე იმას მივაჩერდით. როგორ კაცო, „ჩერმენი” ვარ და ვაჟუჟუნებ თვალებს.
მაგიდაზე ხილით სავსე ვაზა იდგა. უეცრად, დათომ, მის სულს ვენაცვალე, თითის ოდნავი მოძრაობით კაი მოზრდილი ფორთოხალი გადმოაგდო ვაზიდან. ვერ მივხდით, რა ხდება, რას შობა ეს კაცი. დედაა, ყიფომ ის გოგოები გადარია, სიტყვით ვერც აღვწერ. დაიწყო ფეხით ფორთოხლის აკენწვლა. ხან კისერზე გეიჩერა, ხან თავზე. აუჰ, ისეთი სანახაობა იყო… მისი შემხედვარე გოგოები კი, მგონი, აღარც სუნთქავდნენ.
რამდენიმე წუთს გაგარძელდა ეს საოცრება და ბოლოს, იმ მარწყვივით გოგოს მიართვა ფორთოხალი.
მართლია, მე და შოთამ მარწყვი ვერ “ვჭამეთ,” სამაგიეროდ, ფორთოხლით აკენწვლის დაუვიწყარი გაკვეთილი ჩაგვიტარა ყიფომ და ეს მართლა საოცრება იყო“.
თავის დროზე ქართველ გულშემატკივრებს შორის ერთი ჭორი დადიოდა: რევაზ ჩელებაძეს ფულიანი ბიძები ჰყავს და თითოეული გატანილი ბურთისთვის გულუხვად ასაჩუქრებენო. ამ ამბავს თავად ფეხბურთელი მოყვება.
„მამაჩემის სამივე ძმა დიდ სტიმულს მაძლევდა, ბოვში ბიჭი ვიყავი და 3-4 გოლი გამქონდა, იქიდან დაწყებული გოლის გატანაზე 10-10 მანეთს მჩუქნიდნენ, ჩემზა 30 მანეთი კაი ფული იყო.
მერე, თბილისის „დინამოში” რო დავიწყე თამაში, გამოვუცხადე:
– 10 მანეთს ყაბულს აღარ ვარ, ამხელა დედაქალაქის, საქართველოს ღირსებას ვიცავ და საათმანეთო ბიჭი ვარ-მეთქი? _ თავი გამოვიდე.
მერე, ბიძაჩემი ზია ჩელებაძე 100 მანეთს მაძლევდა გოლის გატანაში, მარა აღარც 100 მანეთზე ვიყავი თანახმა იმის მერე, რაც საბჭოთა კავშირის ნაკრებში მიწევდა თამაში. ნაკრებში 500 მანეთზე ევიდა „ჰონორარი,” ფეხის ჭკუას პლუს თავის ჭკუა, რავა, ცუდია?
ერთხელ სამი ბურთი შევაგდე ერთ თამაშში და ბედნიერი დავქროდი მინდორზე. აბა, რა დამემართებოდა, რო წარმოვიდგინე ბიძაჩემის სახე, მარა სად გამექცეოდა?! 1 500 მანეთი „გამომიწერა”.
ამ ისტორიას ცნობილი ფეხბურთელი რამაზ შენგელია ხშირად იხსენებდა:
„ნაკრებში რომ ვთამაშობდი, ესპანეთში ჩავედით თამაშზე. მშვენივრად დაგვხვდნენ, ოროთახიან კოტეჯებში მოგვათავსეს მე, თენგიზ სულაქველიძე და ბოროვსკი.
სასწაული ჰავა იყო, ოფლი წურწურით მოგვდიოდა. თამაში ცხრის ნახევარზე დამთავრდა, თენგიზი და ბოროვსკი დოპინგკონტროლზე დატოვეს. ყოველი თამაშის შემდეგ, ხან ვის ირჩევდნენ, ხან _ ვის.
ერთი სიტყვით, სადაც დოპინგკონტროლი უნდა გაევლოთ, უშველებელი ორკამერიანი მაცივარი იდგა, გამოტენილი იყო ნაირ-ნაირი სასმელით და წვენებით. ეს ყველაფერი კი იმიტომ გახლდათ საჭირო, ბევრი სითხე მიგეღო დოპინგკონტროლის გასავლელად, ანუ მოგეშარდა.
ცხრის ნახევრის შემდეგ თენგიზა და ბოროვსკი უსხედან „ქვევრივით” იმ მაცივარს და სვამენ და სვამენ, დეიყვანეს ბოლომდე, მარა, გაგიგონია?! უსაშველო გაჭირვებაში არიან. ხომ ამდენი სითხე მიიღეს, მაინც ვერაფრით მოშარდეს. „პეპსი”, „ფანტა”, რა ვიცი, რა აღარ ხუხეს.
ამ წვენებს რომ მორჩნენ, უფიქრიათ, როდემდე ვიყურყუტოთო და შამპანურზე გადავიდნენ.
ჰოდა, დიდი ამბით ელოდებიან, ააა, ახლა წამოვა, აბა, რას იზამსო. მარა, ამდენი დავიდარაბის მიუხედავად, არაფერი სიკეთე მაგათ არ შეეტყოთ თურმე. რა გინდა რო ქნა?! კატეგორიულად ითხოვენ შარდს ესაპანელები.
ეგენი ბოთლს ბოთლზე რომ ურტყამენ, მე კოტეჯში ვარ. ღამის სამი საათი გახდა და არც ერთი არ ჩანს. რა ვიფიქრო, აღარ ვიცი.
სადაა ე ხალხი, ხო მშვიდობაა, რა მოხდა, რა შეემთხვათ… თან ვერ ვიძინებ, მაგათ ლოდინში რა დამაძინებდა?!
დილის ოთხი საათია და მოძებნა გადავწყვიტე.
გავიხედო და ორივე გაგლეჯილი მთვრალი მოდის, ხელში ორ-ორი ბოთლი შამპანური უჭირავთ და ყვირიან: „ატკრივაი კალიტკუ!”
გავგიჟდი მათ დანახვაზე, რას შვებოდით ამნაირს დილის ოთხ საათამდე-მეთქი! დიდი ვაიუშველებელის მერე, რავარც იქნა მოუშარდიათ მაგ გაჭირვებულებს.
ახლა, იმფერი ჟრიამულით რომ დაბრუნდნენ, სათითაოდ ვაჩერებდი, არავინ გაგიგოთ-თქვა. მაგენი ქე იყვნენ ხალისიანად, მე კიდო უძილო. მარა თენგიზას გულიზა, რავა გეკადრება, რას მიქვია გათენება და მაგნაირები?! იგიც ასეა, ჩემთვის…
დღევანდელ მოგონებებს ბატონი თენგიზ სულაქველიძე დაასრულებს.
„ერევნის „არარატს” ვეთამაშებოდით. დიდი მონდომებით ვთამაშობთ ყველა.“არარატთან” თამაში ხომ განსაკუთრებული მოვლენა იყო ჩვენთვისაც და ქართველი გულშემატკივრისთვისაც. მოკლედ, თავს არ ვზოგავ და… ბიჯოს, მსაჯმა ყვითელი ბარათი მაჩვენა. მთელი შემართებით ვთამაშობ, არაფერი ისეთი არ დამიშავებია , რომ ყვითელი ბარათი ამოეღო. რასაკვირველია, არ მომეწონა მისი გადაწყვეტილება.
ჰოდა, მეც ავდექი და კულტურულად გადავუხადე მადლობა _ მართალი ხარ-მეთქი და მადლობის ნიშნად ტაში დავუკარი.
ტაშის დაკვრაზე სულ გადაირია, ეს რა მაკადრაო და ახლა წითელი ბარათი ამოიღო და მინდვრიდან გამაძევა.
ვერსოდეს ვიფიქრებდი ერთი პატარა ტაშის შემოკვრისთვის ასე თუ დამსჯიდა მსაჯი. ფიქრით დავიტანჯე, სად გამოვყო თავი, ტაშის დაკვრისთვის როგორ მივიღე წითელი ბარათი-მეთქი, მარა რაღას ვუშველიდი?!
ეს იყო პირველი და უკანასკნელი ფაქტი, აღარასოდეს მქონია ასეთი შემთხვევა.
არადა, გული მაინც კარგად “მოვიფხანე” გაძევების მერე, იმიტომ, რომ ერევნის “არარატს” ოთხით ერთი მოვუგეთ ის თამაში”.