ტელეკომპანია “იმედის” დაკვეთით GALLUP INTERNATIONAL-მა პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის ეგზიტპოლი ჩაატარა.
შედეგები ასე გადანაწილდა: სალომე ზურაბიშვილი – 58%; გრიგოლ ვაშაძე – 42%
ეგზიტპოლის შედეგებში შესაძლო ცდომილება 2%-ია. მთელი საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 10204 რესპოდენტი. მონაცემები ეყრდნობა 18:00 საათის ჩათვლით მიღებულ პასუხებს, ეგზიტპოლის საბოლოო შედეგები 22:00 საათზე გახდება ცნობილი.
კვლევის საველე სამუშაოები ACT-მა ჩაატარა.
გამოკითხვა 08:00 საათიდან 20:00-მდე მიმდინარეობდა. გამოკითხვის მეთოდი – თვით ადმინისტრირებადი, 100%-ით შემთხვევითი შერჩევით, ფურცელზე დაფუძნებული გამოკითხვა.
გამოკითხვაში გამოყენებული კითხვების ზუსტი ფორმულირება ასეთი იყო: 1. ვის მიეცით ხმა დღეს? _ ა) 5. გრიგოლ ვაშაძე ბ) 48. სალომე ზურაბიშვილი.
2. ვის მიეცით ხმა პირველ ტურში? _ ა) გრიგოლ ვაშაძე, ბ) სალომე ზურაბიშვილი, გ) დავით ბაქრაძე, დ) სხვა კანდიდატი, ე) არ ვყოფილვარ არჩევნებზე.
დღეს საქართველოს მოსახლეობამ 5-ის ნაცვლად 6 წლით, პირდაპირი წესით ბოლოჯერ აირჩია ქვეყნის პრეზიდენტი.
აღსანიშნავია, რომ გავლენიანი ამერიკული კვლევითი ორგანიზაციის Edison Research-ის მიერ ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების, 17 საათის ეგზიტპოლის შედეგები გამოაქვეყნა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა, რომლის თანახმადაც გრიგოლ ვაშაძეს 45% აქვს, ხოლო სალომე ზურაბიშვილს 55%.