“გამარჯობა, დღეს 14 ივნისია. ალბათ, ბევრ თქვენგანს არაფერს ეუბნება ეს თარიღი, მაგრამ მინდა განგიმარტოთ, რომ საქართველოში 1995 წლის 14 ივნისიდან აღინიშნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე.“ _ ასე ამცნობს შშმ პირი იკო იაკობიძე სოციალურ ქსელში დღევანდელ დღეს საზოგადოებას.
იკო იაკობიძე 24 წლისაა და ის ეტლით მოსარგებლეა არის. მისი თქმით, 18 წლის შემდეგ სხვადასხვა ადგილზე მუშაობდა. ახლა საქართველოს მელიორაციაში ერთ-ერთ დეპარტამენტში მუშაობს.
“ სწორედ 1995 წლის 14 ივნისს იქნა საქართველოში მიღებული კანონი, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებიც ვართ ისეთივე ადამიანები, როგორიც თქვენ; გაგვაჩნია ისეთივე უფლებები, როგორიც თქვენ და დიახ ბატონო, ჩვენ ყველანი ვართ თანასწორები ნებისმიერ ასპექტში! მაგრამ ვამტკიცებთ კი ამას საქმით?
მას შემდეგ 23 წელი გავიდა და რა შეიცვალა? (უმადური არ ვიქნები და იმასაც დავძენ, რომ ცვლილებები არის, მაგრამ “კუს ნაბიჯებით”).
ვედრებით ამერიკა-ევროპას, მივისწრაფვით ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციისათვის, მაგრამ გვავიწყდება ყველაზე მთავარი, რომ ეს ყველაფერი ვერ მოხდება თუ სრულად არ იქნება თითოეული ადამიანის უფლებები დაცული!
ამ დღეს ყოველ წლიურად, აგერ უკვე მგონი 23 წელია, გამოდიან მავანნი და მავანნი (საზოგადოებისათვის ცნობადი სახეები, პოლიტიკოსები, უბრალო მოქალაქეები…), ტელევიზიებშიც დღის მთავარი თემადაც ეს ტრიალებს, იმართება სხვადსხვა საქველმოქმედო კონცერტები (ეს კიდევ ცალკე მარაზმია და იმაზე, რომ შშმ პირები ქველმოქმედების ობიექტებად არ უნდა აღვიქმებოდეთ აუცილებლად დავწერ ცალკე პოსტს).
და მოდი გავიხსენოთ რა ხდება სხვა დღეებში? თუნდაც 15 ივნისს, ან 23 ივლისს, ან 25 ნოემბერს? საკვირველია! არაფერი ხომ?! ყოველდღიურად ვართ დისკრიმინაციის, ზოგჯერ კი არა ადამიანური მოპყრობის მსხვერპლნიც კი! აღარავის ახსენდება ნაკისრი ვალდებულებები და პასუხისმგებლობები, ყველა ივიწყებს გულისა და ყურის საამებლად, თუ სხვათა თვალის ასახვევად გაცემულ დაპირებებს. ჩვენ კი კვლავინდებურად, აგერ უკვე 23-ე წელია გვიწევს ბრძოლა ღირსეული და ა დ ა მ ი ა ნ უ რ ი თანაცხოვრებისათვის საზოგადოებაში! ნუთუ, ასე ძნელია, ვისწავლოთ ერთმანეთის დაფასება, სიყვარული და პატივისცემა?“- ამბობს იკო იაკობიძე.
იკოსგან განსხვავებით თამუნა შავაძე არსად არ მუშაობს. ის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირში (უკანავაში) ცხოვრობს.
“11 წლის უკან მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, ვარ ოთხივე კიდურით პარალიზებული (მოჭრილი ხის დაცემის შედეგად). მოტეხილი მქონდა კისერი, კერძოდ V და VI მალა, ქუთაისში ჩატარებული ოპერაციის შედეგად, დღესდღეობით ცოცხალი ვარ. მის შემდეგ ჩავიტარე რეაბილიტაცია უკრაინაში, რამაც რეზულტატი გამიუმჯობესა. ავამოძრავე ხელები, თუმცა, მტევნებს ვერ ვხმარობ…
უკანასკნელ წლებში თურქეთში ჩავიტარე გამოკვლევები, სადაც დამისვეს დიაგნოზი – ჩემი ავადმყოფობა განკურნებადია.
ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლება, მეგობრები და ახლობლები შეძლებისდაგვარად გვეხმარებდნენ და გვეხმარებიან, მაგრამ თურქეთში მკურნალობას დიდი თანხები სჭირდება”, _ ამბობს თამუნა.
თამუნა შავაძე სოფლის ბოლოს ცხოვრობს და ქალაქში იშვიათად დადის. დროის უმეტეს ნაწილს სახლში ატარებს.
“მთელი დღის განმავლობაში წიგნებს ვკითხულობ ან კიდევ ინტერნეტში ვარ. ხშირად ვერ მივდივარ შეხვედრებზე, რადგან შორს ვცხოვრობ და გადაადგილება მიჭირს. იმედია ის პრობლემები, რაც შშმ პირებს გვაქვს მოვა დრო და ერთხელ და სამუდამოდ აღმოიფხვრება.“ _ გვითხრა თამუნა შავაძემ.