ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ მამათში მცხოვრები იაშა ჩხაიძის ინფორმაციით, უბანს, სადაც ის ცხოვრობს, უწყლობის პრობლემა აწუხებს. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმირებულია ადგილობრივი ხელმძღვანელობა, თუმცა, პრობლემის მოგვარებაზე არავინ ზრუნავს.
“რამდენიმე ოჯახი ვცხოვრობთ აცანა-მამათის საზღვარზე, რომლებიც უწყლობით ვიხრჩობით. წყლის მილები კი არის მოტანილი, თუმცა, მიწის ზემოთ ყრია. ბევრი ვეცადეთ, გაგვერკვია, რომელი კომპანია ასრულებდა აქ წლის გაყვანის სამუშაოებს, თუმცა, ვერ შევძელით. ადგილობრივ ხელმძღვანელობას კი ჩვენი პრობლემა არ აწუხებს _ არანაირმა ჩვენმა მცდელობამ შედეგი არ მოგვცა. ამიტომ გადავწყვიტეთ _ თუ წყლის პრობლემას არ მოგვიგვარებენ, თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტს გამოვუცხადებთ და მონაწილეობას არ მივიღებთ”, _ ასეთ განცხადებას აკეთებს იაშა ჩხაიძე მეზობლების სახელით.
აღნიშნული პრეტენზიები მიუღებელია მამათის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის გელა პატეიშვილისთვის, რომელიც ამბობს, რომ აღნიშნულ უბანში წყლის სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები 2013 წელს გახორციელდა და აქედან მოყოლებული წყალი მოსახლეობას აქვს:
“აბსურდია, თითქოს წყლის მილები მიწის ზევით ყრია. უბანს, რომელზეც ამ შემთხვევაშია საუბარი, 1992 წლიდან მოყოლებული წყალი საერთოდ არ ჰქონდა. 2013 წელს შევძელით და ეს პრობლემა მოვუგვარეთ აქ მცხოვრებ ოჯახებს _ სახლამდე მივუყვანეთ წყალი.
აქ წყლის მიწოდების პრობლემა ზაფხულობით იქმნება ხოლმე, არასაკმარისი დებეტის გამო. წესით, ამის მოგვარებაც არ უნდა წარმოადგენდეს პრობლემას, თავად მოსახლეობა რომ შეთანხმდეს ერთმანეთში და გარკვეული გრაფიკი დააწესონ, რომ არავინ არ დარჩეს უწყლოდ”, _ ამბობს გელა პატეიშვილი, რომლის თქმითაც, საკითხის მოგვარებაში თავადაც იყო ჩართული და არაერთხელ სთხოვა მოსახლეობას, ერთმანეთისთვის ხელი შეეწყოთ და ზაფხულის დღეებში გრაფიკზე შეთანხმებულიყვნენ, მაგრამ არ მოხერხდა:
“არავის უნდა რამდენიმე საათი შეზღუდვა დაიწესოს წყლის მოხმარებაზე. ერთმანეთის მეზობლად უახლოესი ნათესავები ცხოვრობენ და ისინი არ უთმობენ ერთმანეთს წყალს”, _ ამბობს გელა პატეიშვილი.
ცნობისთვის, მამათში წყალმომარაგების შიდა ქსელის რეაბილიტაცია 2013 წელს გახორციელებული 19 პროექტიდან ერთ-ერთია, რომლისთვისაც ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, ჯამში, ორი მილიონ 316 776 ლარი გამოყო.