განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში აცხადებენ, რომ სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში მიმდინარე სემესტრის აკადემიურად გამოცხადება არ იგეგმება.
უწყების თქმით, სკოლების ნაწილსა და უმაღლეს სასწავლებლებში დისტანციური სწავლება გამართულად მიმდინარეობს და ისინი ელექტრონული პლატფორმების მეშვეობით პროცესს ინტერაქტიულად წარმართავენ.
რაც შეეხება სკოლების იმ ნაწილს, სადაც დისტანციური სწავლების სისტემა ვერ დაინერგა, უწყებამ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ამ კატეგორიის სკოლებისა და მოსწავლეებისთვის ტელეგაკვეთილების პროექტი დანერგა. როგორც უწყებაში აცხადებენ პროექტი „ტელესკოლა“ ყველა მოსწავლეს, განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა ინტერნეტთან წვდომა, საშუალებას მისცემს, ნახოს გაკვეთილები ყველა საგანში. განათლების სამინისტროში ასევე ამბობენ, რომ აღნიშნული პროგრამა განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებზეც მორგებული იქნება, რადგან ყველა გაკვეთილის თარგმნას ჟესტური ენის თარჯიმანი უზრუნველყოფს.
„მიმდინარე სემესტრის აკადემიურად გამოცხადების საკითხი არ განიხილება“,- აცხადებენ უწყებაში.