საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ოჯახმა გასულ წელს 196 530 ლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2015 წლის შემოსავალთან შედარებით 42 722 ლარით ნაკლებია. ამის შესახებ ალექსანდრე ჯეჯელავას ქონებრივ დეკალარაციაშია აღნიშნული, რომელიც საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
დეკლარაციის თანახმად, 2016 წელს, ალექსანდრე ჯეჯელავამ ააიპ მართვის აკადემიის თავმჯდომარის პოსტიდან 5 თვეში (01.01.2016 31.05.2016) 110402,10 ლარი მიიღო, ამავე პერიოდში, შპს “საქართველოს ბანკის სასწავლო უნივერსიტეტიდან”, სადაც ის მოწვეული პროფესორი იყო – 2625,00 ლარი; ხოლო შპს “კავკასიის უნივერსიტეტიდან” (მოწვეული პროფესორი) 750,00 ლარი.
რაც შეეხება მინისტრის პოსტიდან მიღებულ შემოსავალს, როგორც დეკლარაციიდან ირკვევა, ალექსანდრე ჯეჯელავას 6 თვეში (03.06.2016 31.12.2016) 43428,17 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული. გარდა ამისა, ოჯახის შემოსავალს, მისი მეუღლის ნატალია მუხადგვერდელის მიერ ააიპ „მართვის აკადემიიდან” (ადმინისტრაციის უფროსი / დირექტორი) მიღებული 39325,13 ლარიც მიემატა.
თუმცა, საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე განთავსებული დეკლარაციიდან ირკვევა, რომ ალექსანდრე ჯეჯელავას ოჯახის შემოსავალი 2015 წელს გაცილებით მეტი იყო, კერძოდ, 239 253 ლარი.
რაც შეეხება 2017 წლის დეკლარაციას, როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, ალექსანდრე ჯეჯელავას “თი–ბი–სი ბანკის” ანაბარზე 15389,67 დოლარი ჰქონდა, ამავე ბანკის მეორე ანაბარზე კი –7200,00 დოლარი; ამავე ბანკის სახელფასო ანგარიშზე – 402,40 ლარი, მიმდინარე ანგარიშზე- 73,43 დოლარი, ხოლო საკრედიტო ანგარიშზე – 42,89 დოლარი ერიცხებოდა.
რაც შეეხება მის მეუღლეს, ნატალია მუხათგვერდელს დეკლარაციის შევსების მომენტში თი–ბი–სი ბანკის” ანაბარზე 6219,09 ლარი, ამავე ბანკის მეორე ანაბარზე – 504,33 ლარი და 185,17 ევრო; სახელფასო ანგარიშზე – 406,84 ლარი, ხოლო დეპოზიტზე – 1500,00 ლარი ჰქონდა.
ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ალექსანდრე ჯეჯელავამ, 2016 წელს, შპს აი-ბი-ეფ-ზე 13000,00 დოლარი სესხად გასცა, რომელიც 2018 წელს უნდა დაუბრუნდეს, თუმცა, შემოსავალი ჯერჯერობით აქედან მიღებული არ აქვს.
2015 წელს, ჯეჯელავას 65000,00-ლარიანი იპოთეკური სესხი აუღია, რომლის ვადაც 2018 წელს იწურება, ხოლო გასულ წელს ბანკისთვის 27048,40 ლარი გადაუხდია.
კიდევ ერთი, 13000,00-დოლარიანი სამომხმარებლო სესხი მინისტრს 2016 წელს აუღია, ვადა 2017 წელს ეწურება და გასულ წელს 10263,59 დოლარი გადაუხდია.
რაც შეეხება მინისტრის ოჯახის ქონებას, დეკლარაციის თანახმად, ალექსანდრე ჯეჯელავას 100,00%-იან საკუთრებაშია 2005 წელს, 33600,00-ლარად ნაყიდი, 95,00 კვ.მ-ის ფართობის ბინა თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე (გაცვლით შეძენილი) და 2010 წელს, 35000,00-ლარად ნაყიდი მსუბუქი ავტომანქანა Hyundai ix35;
ხოლო მისი მეუღლის, ნატალია მუხადგვერდელის 100,00%-იან საკუთრებაშია 2009 წელს, 65000,00-ლარად ნაყიდი 45,00 კვ.მ-ის ფართობის ბინა ბათუმში, ხიმშიაშვილის 10 ნომერში.
ოჯახის გასავლების გრაფაში მითითებულია, რომ ალექსანდრე ჯეჯელავას, მაია ჯეჯელავას სწავლის საფასური 2350,00 ლარი აქვს გადახდილი; ქონების გადასახადისთვის 1552,00 ლარი გაუცია.
მის მეუღლეს ნატალია მუხადგვერდელს სასტუმრო ლოპოტას მომსახურებისთვის 2290,05 ლარი გადაუხდია, ხოლო ავიაბილეთებში – 1687,60 ლარი.