განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ორი უცხო ენის სწავლა მოსწავლეებისთვის ისევ სავალდებულო იქნება. უწყებამ ამ თემასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა.
ბოლო დღეების განმავლობაში მედიით გავრცელდა, რომ საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის მეორე უცხო ენის საგანი არჩევითი იქნება, რასაც სამინისტრო მცდარ ინფორმაციას უწოდებს.
“საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ერთმნიშვნელოვნად აცხადებს, რომ ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. პირიქით, სამინისტროს მიზანია, სკოლებში უცხო ენების სწავლების კიდევ უფრო მაღალი სტანდარტი დამკვიდრდეს.
შესაბამისად, სამინისტრო განმარტავს, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების პროცესში, უცხო ენებს მომავალში კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა მიენიჭება. ორი უცხოური ენის სწავლება მოსწავლეებისთვის კვლავ სავალდებულო იქნება – ინგლისური ენა პირველი კლასიდან, ხოლო მეორე სავალდებულო უცხო ენას, მოსწავლე მე-5 კლასიდან სკოლის მიერ შეთავაზებული ენებიდან თავად აირჩევს.
უფრო მეტიც, სკოლებს ექნებათ ვალდებულება, მეორე სავალდებულო უცხო ენის ფარგლებში, მოსწავლეებს ასარჩევად მინიმუმ ორი ენა შესთავაზონ, თავად მისცენ არჩევანის თავისუფლება და ენების მაღალ დონეზე სწავლება უზრუნველყონ”, – წერია განცხადებაში.