მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში საგანმანათლებლო რეფორმა ბევრჯერ გახორციელდა, განათლების ხარისხი არც ერთი შემთხვევაში არ გაუმჯობესებულა. ბუნებრივია, უამრავი შეკითხვა ისმის _ რა ბარიერის წინაშე ვდგავართ 21- ე საუკუნეში? რატომ არ უმჯობესდება სწავლის ხარისხი? ,,გურია ნიუსი“ ამ თემებზე სასაუბროდ სოციალურ მეცნიერებათა დოქტორს, ფსიქოლოგ გიორგი გერგაულს დაუკავშირდა.
_ საქართველოში განათლების დონე დაბალია, როგორ ფიქრობთ, რა არის ამის გამომწვევი მიზეზი?
_ საშუალო და უმაღლესი განათლების საფეხურებს შორის კავშირი ძალიან სუსტია. ერთი მხრივ, უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული სტუდენტების მიმართ მოლოდინი მაღალია, რომ სკოლამ მისცათ გარკვეული ცოდნა, თუმცა, მეორე მხრივ, სკოლას არ აქვს შესაძლებლობა, მოსწავლე სრულად აღჭურვოს სათანადო ცოდნითა და უნარებით.
უნივერსიტეტებში გამარტივებულია სასწავლო პროგრამები იმის გამო, რომ სტუდენტები უნივერსიტეტებიდან არ გაირიცხონ და სასწავლებელმა ფინანსური დანაკარგი არ განიცადოს.
მეცნიერება მუდმივად ვითარდება და ნებისმიერი სიახლე, რომელიც დღეს ახალია, ხვალ, შესაძლოა, მოძველდეს, ამიტომ სასწავლო დაწესებულებებში პროგრამები, მუდმივად უნდა ახლდებოდეს და უმჯობესდებოდეს, თუმცა, დღეს ასე არ ხდება. სილაბუსებში შეტანილი ლიტერატურა იმდენად მოძველებულია, რომ სტუდენტებს წაკითხული ინფორმაციის გამოყენება თითქმის არ შეუძლიათ. ანალოგიური პრობლემების წინაშე დგანან პროფესიული სასწავლებლებიც.
_ საქართველოში გარკვეული სპეციალობების დაფინანსების მოდელზე რა აზრის ხართ?
_ საქართველოში უმაღლესი განათლების დაფინანსების საკმაოდ უცნაური მოდელია. გარკვეული ტექნიკური სპეციალობები სრულად ფინანსდება, ხოლო დანარჩენ სპეციალობებზე შესაძლებელია თანადაფინანსება. ის, რომ სტუდენტებს თავად უწევთ სწავლის დაფინანსება, ხელს უშლის განათლების მიღებას, რადგან დროს, რომელსაც ბიბლიოთეკაში უნდა იყენებდეს და უახლეს სამეცნიერო მიღწევებს ეცნობოდეს, ატარებს სამსახურში, ამიტომ განათლებისთვის დრო არ რჩება. აღსანიშნავია ისიც, რომ ყველა სტუდენტს მუშაობის შესაძლებლობა არ აქვს, ამიტომ ფინანსური პრობლემების გამო, ბევრს სტატუსი უჩერდება. უნივერსიტეტები კი სარგებლობენ შექმნილი მდგომარეობით და პირველივე შესაძლებლობაზე უჩერებენ სტატუსს, რაზეც მეტყველებს საქართველოში სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა სტატისტიკა, რაც სოციალური ფონის გათვალისწინებით, არ იძლევა პოზიტიური განცხადების გაკეთების საშუალებას.
_ თქვენი აზრით, რატომ ანიჭებენ ქართველი სტუდენტები უცხოეთში სწავლას უპირატესობას?
_ საქართველოში ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურები მცირედი ცვლილებით, თუმცა, ერთნაირი ლიტერატურით ისწავლება, რაც არ არის სწორი. ამიტომ არ მიმაჩნია მართებულად, არსებული მდგომარეობის გათვალისწინებითა და არაადეკვატური გადასახადების ფონზე, სტუდენტებმა ისწავლონ საქართველოში და უარი თქვან საზღვარგარეთ განათლების მიღებაზე. მით უმეტეს, როცა ვერც მაგისტრატურის საფეხურზეა შესაძლებელი რეალურად პროფესიული პრაქტიკის მიღება. დასავლეთის ქვეყნებში დოქტორანტურის საფეხურს თავად უნივერსიტეტი აფინანსებს, რადგან სამეცნიერო მოღვაწეობის უმაღლესი საფეხურია და დოქტორანტი უმაღლესი სასწავლო დაწესებულების მეცნიერ-თანამშრომლად ითვლება, ამიტომ შესრულებული სამუშაოსთვის იღებს შესაბამის ანაზღაურებას. საქართველოში ყველაფერი პირიქითაა, გარდა იმისა, რომ დოქტორანტს მოეთხოვება საკუთარ პროფესიასა და მეცნიერებაში გარკვეული სიახლის შეტანა, დისერტაციის მომზადება და ა.შ. ვალდებულია, სწავლის საფასური გადაიხადოს.
_ როგორ ფიქრობთ, რამდენად აუცილებელია უნივერსიტეტები აქტიურად თანამშრომლობდნენ შრომით ბაზართან ?
_ დასაქმებაზე უნივერსიტეტმა არ უნდა იმუშაოს, მაგრამ შრომით ბაზართან კავშირი აუცილებელია, რათა საჭირო ცოდნის ათვისებასთან ერთად შესაბამისი უნარებიც განუვითარდეს სტუდენტს. საჭიროა, უნივერსიტეტი იძლეოდეს პრაქტიკული კურსების გავლის საშუალებას, რათა სტუდენტებს სწავლის დასრულების შემდეგ, ზოგადი წარმოდგენა ჰქონდეთ, რა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება მოუწევთ სამსახურში.
_ საქართველოს უნივერსიტეტებში საკამოდ ბევრი არაკვალიფიციური ლექტორია, რაც, სტუდენტს აზარალებთ. რას ფიქრობთ ამ საკითხზე?_ ლექტორების არაკვალიფიციურობა ნამდვილად აზარალებს სტუდენტს, თუმცა, სად და როგორ უნდა აიმაღლონ პედაგოგებმაკვალიფიკაცია, თუ არა მუშაობის პროცესში დასავლეთის გამოცდილებას თუ გავიზიარებთ, ჩვენი მოდელი დროულად შესაცვლელი და გასაუმჯობესებელია. მაგალითად, გერმანიასა და ჰოლანდიაში დარეგულირებულია ადამიანის შრომის, სწავლისა და სამეცნიერო კვლევების პროცესი, მოწესრიგებულია კარიერული წინსვლის საკითხიც. დასავლური მოდელისგან განსხვავებით, საქართველოში დოქტორანტი ჩვეულებრივი სტუდენტია, რომელიც სწავლის საფასურს იხდის (ხშირ შემთხვევაში, საკმაოდ არაადეკვატურს) სწავლის დასრულების შემდეგ, კი ასისტენტ-პროფესორად გახდომის შემთხვევაში, კარიერული წინსვლა, სხვა პირის უნიერსიტეტიდან წასვლაზე ან დაწინაურებაზეა დამიკიდებული. განათლების სფეროში არსებული მდგომარეობა კადრების კარიერული წინსვლის მოტივაციას აფერხებს. შექმნილი სიტუაციით კი, მაღალ სამეცნიერო თანამდებობებზე მყოფი პირები ბოროტად სარგებლობენ და მომავალ თაობებს განვითარების საშუალებას არ აძლევენ.