განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეები ქეთევან ნატრიაშვილი, ლია გიგაური, თეიმურაზ მურღულია და ალექსანდრე თევზაძე იქნებიან.
როგორც “გურია ნიუსს” უწყებაში განუცხადეს, მინისტრის პირველი მოადგილედ კვლავ ქეთევან ნატრიაშვილი დაინიშნება. თანამდებობებზე დარჩებიან ასევე მინისტრის მოადგილეები ლია გიგაური და თეიმურაზ მურღულია, ხოლო მეოთხე მოადგილე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ფიზიკოსი ალექსანდრე თევზაძე დაინიშნება.
სამინისტროს ინფორმაციით, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ახალგაზრდობის დეპარტამენტის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებაში ინტეგრაციისთვის მიმდინარეობს მზადება.
როგორც ცნობილია, ალექსანდრე თევზაძემ კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა, შემდეგ კი, წარჩინებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი დაამთავრა. 1999 წელს, ის ლეუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მათემატიკის დეპარტამენტის პლაზმური ასტროფიზიკის ცენტრის დოქტორანტი გახდა, სადაც 2006 წელს, მიენიჭა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მათემატიკაში (ასტროფიზიკის სპეციალობით).
2005 წლიდან დღემდე, ალექსანდრე თევზაძე სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა პოსტდოქტორანტის პოზიციებზე ტურინის ასტროფიზიკურ ობსერვატორიასა (იტალია) და პარიზის ობსერვატორიაში მედონში (საფრანგეთი). ამავდროულად, აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში უმცროსი მეცნიერ თანამშრომლის, მეცნიერ თანამშრომლის, ასოცირებული მკვლევარისა და მკვლევარის თანამდებობებს იკავებდა.