ტაბულას დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს ავრცელებს.
“გაფრთხილება: გრძელია, მაგრამ მგონი იოლად იკითხება.
არჩევნების გაყალბებაზე მომიხდა საუბარი ერთ მოქალაქესთან და ცალკე დავწერ ჩემს მოსაზრებას.
—-
ოპოზიციური პარტიების უმრავლესობას, ყველა არჩევნების წინ ახსენდება გაყალბება და იწყებს ბოლის დაყენებას, რომ „არჩევნებს არ გააყალბებინებენ“ ხელისუფლებას.
ოღონდ, ზუსტად ასეთივე რიხით, ყველა არჩევნების შემდეგ ყვირიან, რომ „არჩევნები გაყალბდა“.
________
არჩევნები მართლა ყალბდება და ვაპირებ ავხსნა, ცხადია ჩემი აზრით, როგორ და ვის მიერ.
ოღონდ, სანამ ამაზე საუბარს დავიწყებდე, იმას აღვნიშნავ, რომ იმ მოქალაქეებს ველაპარაკები, ვინც თვლის, რომ საქართველო ავტორიტარული ქვეყანაა.
რას ვგულისხმობ ავტორიტარულ ქვეყანაში?
სახელმწიფოს, სადაც ხელისუფლება ანგარიშვალდებულია არა ხალხის, არამედ სხვა ავტორიტეტის წინაშე, იმიტომ რომ ძალას შთაბერავს არა ხალხი, არამედ ეს ავტორიტეტი.
ალბათ დამეთანხმებით, რომ ღარიბაშვილი ხელისუფლებაში ვერ დარჩება, თუ ის ივანიშვილს განუდგება, მაგრამ ხელისუფლებაში რჩება იმის მიუხედავად, რომ ხალხის ისტორიულ არჩევანს, ევროპაში ინტეგრაციას ღიად განუდგა.
აი თავად შეხედეთ – საქართველოს მოქალაქეების 80-90% არის ევროპაში ინტეგრაციის მომხრე.
საქართველოს მართავს რეჟიმი, რომელიც ევროპულ არჩევანს, ანუ საქართველოს მოქალაქეების 80-90%-ის ნებას უპირისპირდება, მაგრამ რეჟიმი არათუ არ იცვლება, არამედ კვლევებშიც არ კარგავს მნიშვნელოვნად მხარდაჭერას.
რატომ?
სწორედ იმიტომ, რომ საქართველო არის ავტორიტარული ქვეყანა და ხელისუფლების ლეგიტიმაციის წყარო არის არა ხალხი, არამედ არაანგარიშვალდებული ავტორიტეტი, სახელად ბიძინა, ბორია, ბორინკა, ექვთიმე … როგორც გენებოთ, ისე მოიხსენიეთ.
მოკლედ, ამხელა შესავალი იმისთვის გავაკეთე, რომ ავხსნა ვის მივმართავ და მოგმართავთ მათ, ვინც ჩემსავით ფიქრობთ, რომ საქართველო ავტორიტარული ქვეყანაა.
______
ავტორიტარულ ქვეყნებში, ალბათ დამეთანხმებით, არჩევნებს უბრალო უმრავლესობა ვერ იგებს.
უბრალო უმრავლესობა არჩევნებს იგებს დემოკრატიულ ქვეყნებში – მაგალითად დანიაში და ჩვენ დემოკრატია არ ვართ.
ანუ უფრო დიდი უმრავლესობა გვჭირდება – ოცნების ამომრჩეველზე ორჯერ მეტი უნდა ვიყოთ, სულ მცირე, თუ გვინდა რომ რეჟიმი შევცვალოთ.
შესაბამისად, ვინც გაყალბებას ებრძვის, ასეთი უპირატესობის მოპოვებისთვის უნდა იბრძოლოს – თორემ სულ გაყალბდება. ესაა ავტორიტარულ ქვეყანაში გაყალბებასთან ბრძოლა – სულ მცირე, ორჯერ დიდი უპირატესობის მოპოვება.
__________
ახლა რაც შეეხება გაყალბებას უფრო ვიწროდ:
არჩევნები ყველაზე ნაკლებად ყალბდება არჩევნების დღეს. (ამას წაიკითხავთ ყველა სადამკვირვებლო ანგარიშში).
არჩევნები ყალბდება არჩევნებამდე:
1) თავისუფალი კონკურენციის და რესურსებზე წვდომის არალეგიტიმური შეზღუდვით
მაგალითად, როცა რეჟიმი აკონტროლებს სასამართლოს – ბიზნესი, რომელიც მოწყვლადია ხელისუფლების ზეწოლის მიმართ, თავს იკავებს ოპოზიციური პარტიების დაფინანსებისგან, ძალიანაც რომ მოსწონდეს მათი შინაარსი, სამაგიეროდ, იმისთვის რომ ტენდერი მოიგოს, მმართველ პარტიას წილი უნდა მიუგდოს.
მაგალითად, როცა რეჟიმი აკონტროლებს მედიას – მედია, რომლის თანამშრომელსაც ხელფასი უნდა, ასახავს არა რეალობას, არამედ რეჟიმისთვის სასურველ რეალობას, რომ ხელფასი აიღოს. ხელფასს რეალობის გაყალბებაში იხდიან.
ამას აკეთებს რეჟიმი.
მაგრამ რას აკეთებს ნაციონალური მოძრაობა, განსაკუთრებით ბოლო 7 წელია?
სასამართლოზე კონტროლი მათ არ აქვთ, შესაბამისად, იქ ვერაფერს გახდებიან.
მაგრამ კონტროლი აქვთ მათ მედიებზე – ამიტომ იქ ბლოკავენ თავისუფალ კონკურენციას, ვირუსად რაცხავენ მათ, ვინც მათი პატრონის ინტერესებს ეწინააღმდეგება ბლოკავენ და იმ ადამიანებს, ვისაც მათი პატრონისთვის მიუღებელი აზრების მოსმენა უნდა – თამაშგარე ტოვებენ პოლიტიკური პროცესიდან. მათ გასაგონ ხმას ახშობენ.
მაგალითად, კოლექტიური მიშა მშვილდაძე, ან კოლექტიური გვარამია ხელოვნურად უზღუდავს ადამიანებს არჩევანს იმით, რომ არ ასმენინებს აზრებს, რაც მათი აზრით მათი პატრონის ინტერესებს აზიანებს. ანუ ვინც ჩემსავით ფიქრობს, რომ სააკაშვილის მესიანიზმი და კეზერაშვილის ჩრდილოვანი გავლენა ქართულ პოლიტიკაზე დამღუპველი და ბიძინასთან მუდმივი მარცხისთვის განწირულია – იმის არჩევანი უნდა შეიზღუდოს.
ანუ პირობითი მიშა მშვილდაძე და გვარმიაც აყალბებენ არჩევნებს მათ მედიებში რეალობის გაყალბებით და მაყურებლისთვის არჩევანის შეზღუდვით, იმ ფარგლებში, რა ფარგლებსაც მათი პატრონის შესაძლებლობები წვდება – უბრალოდ მარცხდებიან გაყალბებაში კობახიძესთან და ღარიბაშვილთან, უფრო სუსტი პატრონები ყავთ და უფრო სუსტი მარიონეტები არიან.
2) მოსყიდვა
ხელისუფლება არჩევნებამდე ფართოდ იყენებს მოსყიდვის ბერკეტს.
ხელისუფლებას აქვს წვდომა მონაცემთა ბაზებზე და ზუსტად იცის, ვის სჭირდება სოცდახმარება, ვის აქვს ოპერაცია გასაკეთებელი, რამდენი ადამიანი უნდა დაასაქმოს საჯარო სამსახურში და სიპებში რომ მათი ოჯახების ხმა მიიღოს არჩევნებზე, იმასაც იოლად ანგარიშობს, რამდენი მრავალსულიანი ოჯახის წევრი უნდა დაასაქმოს კამპანიაში, რომ მათი ოჯახის ხმები მიიღოს – ის ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით იოლად ანგარიშობს, რა დაუჯდება ხმების ყიდვა და ყიდულობს… იყიდის იქამდე, სანამ ასეთი ამომრჩევლისთვის ხვალინდელი ქათამი იმდენად ცხადად დასანახი არ იქნება, რომ დღევანდელი კვერცხი გაწიროს.
რას აკეთებს ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა? (ჩვენ ცხადია გავაუქმეთ 2020 წელს საკუთარი თვალით რომ ვნახეთ ეს აღებ-მიცემობა და დავიშოკეთ)
ისინი არჩევნებამდე სამი თვით ადრე ქირაობენ კოორდინატორებს და უხდიან თვეში 200-300 ლარს (მე მგონი) რამდენიმე თვის განმავლობაში, რომ მათ და მათმა ოჯახებმა ხმა მისცენ.
ეს ხალხი ხშირად მათი თანამოაზრეც არაა, ხანდახან პოლიტიკოსებს კომპრომატადაც კი თვლიან, მაგრამ რადგან არავინ სთხოვს მათ შინაარსობრივ თანხვედრას და პარტიების უდიდესი ნაწილის ამოცანა, მხოლოდ მათი მოსყიდვაა რომ ოჯახებმა მაინც ხმა მისცენ, ფულს იღებენ – ნაწილი ასრულებს პირობას და საკუთარ ხმას მაინც იძლევა, ნაწილი არც მაგას აკეთებს.
ანუ ბიძინას მიერ ამომრჩევლის მოსყიდვას უპირისპირდებიან ამ ფორმით – თავად ცდილობენ მათ მოსყიდვას კოორდინატორების დარქმევით არჩევნებამდე სამი თვით ადრე და ილუზიაში არიან, რომ ხელისუფლების და ივანიშვილის მიერ მოსყიდულ საჯარო სამსახურს, პარტმუშაკებს, სოცდაუცველებს და ა. შ. მოერევიან.
ანუ ოპოზიცია ამომრჩევლის მოსყიდვას კი არ ებრძვის, თავად ვერ ყიდულობს საკმარისს და ბიძინასთან მოსყიდვაში მარცხდება.
________
ხშირად ისმის საყვედური, რომ ხალხი კარტოფილზე გაიყიდა. (თუ/ვინც კარტოფილზე იყიდება, ესე იგი კარტოფილი უჭირს).
მოდით ვნახოთ ნაციონალური მოძრაობის ფლანგზე და მის სატელით მედიაში რა ხდება?
თავისუფალი კონკურენციის შეზღუდვა რომ ცუდია, ხვდება ყველა – ნაცმოძრაობის და მისი სატელიტი მედიების ვერცერთი წარმომადგენელი ვერ მეტყვის რომ თავისუფალი კონკურენციის შეზღუდვა კარგია – ამის დეკლარაციას ვერ გააკეთებენ.
მედია, რომელიც აქტორების ხელოვნური გათიშვით ვირტუალურ რეალობას ქმნის, რომ დემოკრატიული მედია არაა – ესეც ყველამ იცის.
მაგრამ ყველა ეგუება, იმიტომ რომ სხვანაირად ხელფასს ვერ აიღებენ.
ზოგიერთი ჩუმად ეგუება. ზოგიერთი თავს იმართლებს, რომ „ჩერგო ლანძღავს“.
მაგრამ შედეგი ერთია – ისინიც მოსყიდულები არიან იმისთვის, რომ ქართველ ამომრჩეველს თავისუფალი არჩევანი წაართვან და არჩევნების შედეგი გააყალბონ საკუთარი პატრონების სასარგებლოდ.
განსხვავება ისაა, რომ ამ ხალხს კარტოფილი არ უჭირს – უბრალოდ ნორმად მიაჩნიათ პროფესიული სინდისის გაყიდვა პატრონის სასარგებლოდ.
___________
ამდენი იმიტომ ვწერე, რომ შეწუხებულ ადამიანებს ვუთხრა – არჩევნები ყალბდება არჩევნებამდე თავისუფალი კონკურენციის შეზღუდვით.
თავისუფალ კონკურენციას ზღუდავს როგორც რეჟიმი, ისე ნაციონალური მოძრაობა – მისი სატელიტების მეშვეობით.
შესაბამისად, ნაციონალური მოძრაობის და მისი სატელიტი პარტიების, მედიების თუ ორგანიზაციების წუხილი საქართველოს მოქალაქეებისთვის თავისუფალი არჩევანის წართმევაზე, ანუ არჩევნების გაყალბებაზე, თავისთავად არის უდიდესი სიყალბე.
ნაციონალური მოძრაობა, მისი სატელიტი პარტიები და მედიები (მთავარი, ფორმულა) არათუ უპირისპირდებიან რეჟიმის მიერ არჩევნების გაყალბებას, არამედ თვითონ აყალბებენ არჩევნებს თავისუფალი კონკურენციის შეზღუდვით იმ ფარგლებში, სადამდეც ფეხი წვდებათ და თუ უარესს არ შვებიან, მხოლოდ იმიტომ, რომ არ წვდებათ.
რეალურად, ნაციონალური მოძრაობა ივანიშვილთან არჩევნების გაყალბებაში მარცხდება და არა არჩევნებში.
ვისაც არჩევნების გაყალბებასთან ბრძოლა გინდათ, თავისუფალი კონკურენციის ხელოვნურ შეზღუდვას უნდა დაუპირისპირდეთ და ვერ დაუპირისპირდებით, თუ თავად ეთანხმებით იგივეს ოპოზიციურ ველზე.
თავისუფალი კონკურენციის გარეშე, ივანიშვილზე ორჯერ მეტ უპირატესობას მისი მოწინააღმდეგეები ვერ მოვიპოვებთ, იმიტომ რომ ვერ გაჩნდება საკმარისი პარტია რომელიც სხვადასხვა გემოვნების ამომრჩეველს შეისრუტავს და ვერ დადგება ის რეალობა რაც 2003 წელს დადგა, როცა ოთხმა ოპოზიციურმა ძალამ გადალახა 7 პროცენტიანი ბარიერი და რეჟიმს საკუთარი თავისუფალი არჩევანი ხელიდან გამოსტაცა.
—–
ევროპული საქართველო ცხადია ცდილობს ამ შეზღუდვებს ჭკვიანურად, ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით აუაროს გვერდი და პარალელურად, თავისუფლების მტრები ამხილოს და არყიოს.
ჩვენ მყარად გვჯერა, რომ საქართველოში არსებობს 200-300 ათასი მოქალაქე, ვინც ზუსტად ჩვენსავით ფიქრობს უმრავლეს საკითხზე და ივანიშვილ/სააკაშვილ/კეზერაშვილის ლაქიების მიერ შექმნილი ხელოვნური შეზღუდვების მიუხედვად, ჩვენ ერთმანეთს ვიპოვით.
მაგრამ სანამ ასე მოხდება – საჭიროა იცოდეთ, რომ არჩევნების გაყალბებასთან ბრძოლა, რეალობის გაყალბებასთან ბრძოლაა პირველ რიგში და თუ ვინმე არჩევნების გაყალბებას ებრძვის, ეს ევროპული საქართველოა.