კოვიდ 19-ით გარდაცვლილი პაციენტის ახლობლები წმინდა მეფე მირიან და დედოფალ ანას სახელობის მცხეთის სამედიცინო ცენტრის ექიმებს გულგრილობასა და უყურადღებობაში ადანაშაულებენ. კოვიდინფიცირებული 77 წლის მევლუდ ფაშურიშვილი თიანეთიდან მცხეთაში სამკურნალოდ 29 აპრილს გადაიყვანეს, ხოლო 20 მაისს ახლობლებმა სრულიად შემთხვევით მისი გარდაცვალების შესახებ შეიტყვეს:
„მამა ბოლო მომენტამდე კონტაქტზე იყო, გვირეკავდა და თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გვატყობინებდა ხოლმე. 20 მაისს თავისმა დამ დარეკა სრულიად შემთხვევით, მოსაკითხად და კლინიკაში უთხრეს, გარდაიცვალა და არ იცოდითო?“ _ ამბობს „გურია ნიუსთან“ გარდაცვლილის შვილი, ნინო ფაშურიშვილი.
გარდაცვლილის შვილიშვილი სალომე მაჭავარიანი კლინიკას უყურადღებობაში ადანაშაულებს და ვარაუდობს, რომ შესაძლოა, მევლუდ ფაშურიშვილი გაცილებით ადრე გარდაიცვალა და არ გააგებინეს. როგორც ის „გურია ნიუსთან“ ამბობს, კლინიკიდან გამოთხოვილ ფორმა 100-ში გარდაცვალების დრო 19 მაისის ღამის 12:45 წუთია ჩაწერილი, ხოლო ოჯახმა პაციენტის გარდაცვალების შესახებ მხოლოდ 20 მაისს, დაახლოებით, 16:00 წუთზე სრულიად შემთხვევით შეიტყო. კლინიკიდან კი, სატელეფონო საუბრისას უთხრეს, რომ 20 მაისის გამთენიისას გარდაიცვალა.
„ამის საფუძველზე მიჩნდება ეჭვი, რომ ბაბუა, შეიძლება, გაცილებით ადრე გარდაიცვალა. ეჭვს ისიც მიმძაფრებს, რომ როდესაც კლინიკაში ფორმა 100-ის მოსათხოვად მივედით, ზუსტად 2 საათი მალოდინეს ფურცლისთვის, რომელიც გარდაცვალებისთანავე ივსება და ფიქსირდება ეს მონაცემი. მგონია, რომ მაშინ ავსებდნენ და თანხმდებოდნენ, რა დრო ჩაეწერათ. საბოლოოდ კი, ერთი თქვეს და მეორე ჩაწერეს“, _ ამბობს ჩვენთან საუბარისას სალომე მაჭავარიანი.
სალომე მაჭავარიანი, ასევე, ამბობს, რომ კლინიკას ოჯახის წევრებმა მიმართეს კითხვით _ რატომ არ შეატყობინეს პაციენტის გარდაცვალების შესახებ ოჯახის წევრებს. მედპერსონალმა კი უთხრა, რომ რეკავდნენ, თუმცა, არავინ პასუხობდათ. როგორც გარდაცვლილის შვილიშვილმა გვითხრა, ნომერი, რომელზეც მედიკოსები რეკავდნენ, გარდაცვლილს ეკუთვნოდა.
„მიცვალებულის ნომერზე რეკავდნენ მთელი დღე და რომ არავინ პასუხობდა, რატომ არ მიმართეს სხვა გზას? რატომ არ დარეკეს თიანეთის საავადმყოფოში თუნდაც ან საკრებულოში, რომ ჩვენთვის გადმოეცათ, უშუალოდ ჩვენ თუ ვერ გვიკავშირდებოდნენ?! როდემდე უნდა ყოფილიყო მიცვალებული მორგში?“ _ ამბობს სალომე.
„გურია ნიუსი“ გარდაცვლილის მკურნალ ექიმს, ნანიკო თაქთაქიშვილს დაუკავშირდა, თუმცა, მან თქვა, რომ იმ ღამეს, როცა პაციენტი გარდაიცვალა, არ მორიგეობდა და შესაბამისად, არც მისი ვალდებულება იყო ოჯახის ახლობლებისთვის შეეტყობინებინა გარდაცვალების შესახებ. თუმცა, აღნიშნავს, რომ ანკეტაში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე კლინიკა ინტენსიურად რეკავდა:
„იმ ღამეს მე არ ვმუშაობდი, მეორე დღეს გავიგე პაციენტის გარდაცვალების შესახებ. როგორც ვიცი, მთელი დღე რეკავდნენ საკონტაქტო ნომერზე ჩვენი კოვიდცენტრის წარმომადგენლები, თუმცა, ვერ დავუკავშირდით ვერავის“.
გარდაცვლილის ოჯახი უახლოეს დღეებში საქმეში ჯანდაცვის სამინისტროსა და სხვა შესაბამისი უწყებების ჩართვას აპირებს.
როგორც „გურია ნიუსს“ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს საქმეზე რომ მოკვლევა დაიწყოს, ოჯახმა რეგულირების სააგენტოს განცხადებით უნდა მიმართოს.
„არსებობს რეგულირების სააგენტო, რომელიც სწავლობს სამედიცინო მომსახურების ხარისხს. აუცილებელია, განცხადება დაიწეროს და ამის საფუძველზე დაიწყებს სააგენტო მოკვლევას“, _ გვითხრეს უწყებაში.