პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ,,ქართულ ოცნებასა“ და ,,ევროპულ საქართველოს“ შორის გარიგება შედგა, რათა მმართველი გუნდის ნაწილს ნინია კაკაბაძისთვის მხარი დაეჭირა. როგორც პოლიტოლოგი „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, გედევან ფოფხაძის გადაწყვეტილება გუნდიდან გასვლის შესახებ მიუთითებს, რომ ,,ქართულ ოცნებაში“ პროცესები სწორად არ ვითარდება.
,,მმართველი გუნდიდან გედევან ფოფხაძის წასვლა და ამ ნაბიჯზე უმრავლესობის რეაქციები მიუთითებს, რომ ,,ქართულ ოცნებაში“ არ არის დალაგებული მდგომარეობა. როგორც ჩანს, გადაწყვეტილებები კოლექტიურად არ მიიღება. უმრავლესობიდან, მათ, ვინც ხმა მისცა ნინია კაკაბაძის კანდიდატურას, განაცხადეს, რომ იმიტომ მივეცით ხმა, რომ უმცირესობას კვოტა ჰქონდა და ანგარიშს ვერ გავუწევდითო. კი მაგრამ, წინა კენჭისყრაზე, როცა ჩააგდეს ნინია კაკაბაძის კანდიდატურა, კვოტა არ იყო? რადგან ასეთი მოუხერხებელი არგუმენტი მოიტანეს, ალბათ, რაღაც გარიგების ფასად გადაიდგა ეს ნაბიჯი. გუნდში გარიგებას აწარმოებს რამდენიმე ადამიანი, დანარჩენები კი, მათი გადაწყვეტილების მიხედვით, ხელს იწევენ. ასეთი ხელის აწევის ფუნქციით ყოფნა ბევრი პოლიტიკოსისთვის უსიამოვნოა, რაც პროცესებთან ბრძოლას იწვევს“, _ გვითხრა საყვარელიძემ.