დღეს, აქცია “ვამხილოთ მაჟორიტარი ფეოდალები“ ქალაქ ოზურგეთშიც გაიმართა.
„სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი მომხრეებთან ერთად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობასთან მივიდა, სადაც მაჟორიტარი-დეპუტატის, არჩილ თალაკვაძის ბიუროა განთავსებული.
აქციის მონაწილეებმა შენობაში შესვლა ვერ მოახერხეს, რადგან კარები დაკეტილი დახვდათ. მათ მხოლოდ კარებზე სტიკერების გაკვრა შეძლეს, სადაც ეწერა “მაჟორიტარი ფეოდალია“. მოგვიანებით სტიკერების ჩამოხსნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ზედამხვედველობის სამსახურის უფროსმა, შუქრი გაბრიჩიძემ ითავა, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
“ეს ჩემი სახლია, ფაქტობრივად, ასე გამოდის. აქ ვმუშოაბ 20 წელია და თქვენს სახლთან, რომ ასეთი რამ გააკრას ვინმემ, მოგეწონებათ?“ – უთხრა გაბრიჩიძემ აქციის მონაწილეებს.
ალეკო ელისაშვილის ერთ-ერთმა თანაგუნდელმა მოგვიანებით შუქრი გაბრიჩიძეს მიმართა: „სახლის გასაღები დაგრჩა?!“ – რადგან შენობაში, ვერც შუქრი გაბრიჩიძე შევიდა და მხოლოდ სტიკერები დახსნა.
აქციის დასრულების შემდეგ დაკეტილი კარები გაიხსნა.