ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საზღვრებში შექმნილ ოლქში მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის წარსადგენად ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა თელავის საოლქო კომისიას რეგისტრაციისთვის მიმართა. გორის შემდეგ, ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა მოქალაქეები, რომლებიც ქალაქისთვის თვითმმართველი ერთეულის სტატუსის გაუქმებას ეწინააღმდეგებიან, კანონმდებლობაში არსებულ ხარვეზს იყენებენ და საოლქო საარჩევნო კომისიას რეგისტრაციას სთხოვენ.
საქმე ისაა, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილება 7 თვითმმართველი ქალაქის სათემო მუნიციპალიტეტებთან გაერთიანების შესახებ ძალაში მას შემდეგ შევა, რაც არჩევნების თარიღი ოფიციალურად გამოცხადდება. ამავდროულად, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას “საარჩევნო კოდექსი” ავალდებულებდა, დღეს არსებული მუნიციპალიტეტების საზღვრებში საარჩევნო ოლქები შეექმნა. სწორედ ამიტომ, ცესკოს აღნიშნულ გასაერთიანებელ მუნიციპალიტეტებში, მათ შორის, ქალაქ თელავსა და თელავის თემშიც, ოლქების ცალ-ცალკე შექმნა მოუწია.
“ვინაიდან კოდექსით ჯერ კიდევ გვაქვს შესაძლებლობა, ქალაქ თელავის მერი წარვადგინოთ, იმ ადამიანებმა, ვინც ქალაქისთვის თვითმმართველი ერთეულის სტატუსის გაუქმებას ვეწინააღმდეგებით, გადავწყვიტეთ, ეს შესაძლებლობა გამოვიყენოთ და დავრეგისტრირდეთ საინიციატივო ჯგუფად, რათა შემდგომში ქალაქ თელავის მერობის კანდიდატი წარვადგინოთ,” – აცხადებენ საინიციატივო ჯგუფის წევრები, რომლებიც თვლიან, რომ საოლქო საარჩევნო კომისიას არ აქვს უფლება, რეგისტრაციაზე უარი უთხრას, ვინაიდან “საარჩევნო კოდექსის” არც ერთ ნორმას არ არღვევენ.
როგორც საინიციატივო ჯგუფის წევრები აცხადებენ, “საქართველოს საარჩევნო კოდექსით”, საინიციატივო ჯგუფს, კენჭისყრამდე 57-ე დღემდე, უფლება აქვს, კანონმდებლობის შესაბამისად მიმართოს საოლქო საარჩევნო კომისიას რეგისტრაციისთვის. “ფაქტია, რომ ეს ვადა დარღვეული არ გვაქვს – კენჭისყრამდე 57-ე დღე ჯერ არ დამდგარა. ამავდროულად, კოდექსში არ არსებობს ზედა ზღვარი, თუ როდიდან შეუძლია საინიციატივო ჯგუფს, შეიტანოს საოლქო კომისიაში განცხადება. ამიტომაც, ვფიქრობთ, რომ საოლქო კომისიას რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი არ უნდა ჰქონდეს. თუ კომისია უარს გვეტყვის, ამით ჩვენი და ჩვენი კანდიდატის პასიურ საარჩევნო უფლებას დაარღვევს”, – ამბობენ საინიციატივო ჯგუფის წევრები.
იმ შემთხვევაში, თუ საოლქო კომისია საინიციატივო ჯგუფს რეგისტრაციაში გაატარებს, თელავის მერობის კანდიდატად ჯგუფი თამარ ლამაზოშვილის წარდგენას გეგმავს.