ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გაიხსნა გამოფენა თემაზე: “კინო და თეატრი ლანჩხუთში”, სადაც წარმოდგენილია ისტორიული ფაქტები და დოკუმენტები კინოსა და თეატრის ისტორიიდან.
მუზეუმში უჩვენეს პირველი ქართული მხატვრული ფილმი “ქრისტინე”, რომლის გადაღებიდან 100 წლის იუბილე აღნიშნეს. თუმცა, როგორც რომან ბიწაძემ სოცქსელში დააზუსტა, ფილმის გადაღება 1918 წელს დასრულდა, ანუ რეალურად 101 წლის იუბილე აღინიშნა.
ლანჩხუთის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების ფეისბუქგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, ისტორიული წყაროებიდან ირკვევა, რომ პირველი სპექტაკლი ლანჩხუთში, სახელწოდებით “და-ძმა” 1895 წელს დადგმულა და ატარებდა საქველმოქმედო ხასიათს, ბილეთებიდან შემოსული თანხა გადაეცა მიხეილ მენაღარიშვილს, რომელიც სასწავლებლად მოსკოვში მიემგზავრებოდა ექიმის პროფესიის დასაუფლებლად.
აღსანიშნავია, რომ ახალი თეატრის დაარსების იდეა ლანჩხუთში 1910 წელს მომწიფდა, თუმცა, სანამ თეატრის შენობა აშენდებოდა, თეატრალურმა დასმა მოახერხა და თავისი შემოსავლებით პეტრე კილაძისგან შეისყიდა სადურგლო, სადაც მოაწყვეს პარტერი და სცენა, რომელშიც კარგა ხნის მანძილზე ატარებდნენ თეატრალურ წარმოდგენებს, შეიძინეს თეატრალური დეკორაციები და მხატვრულად გაფორმებული ფარდაც.
რაც შეეხება თეატრის შენობას, მისი საძირკველი 1920 წელს ჩასხმულა, შემდგომ, პოლიტიკური ვითარების გამო, კარგა ხანს შეჩერებულა მშენებლობა. 1929 წელს განახლებულა სამშენებლო სამუშაოები და 1936 წლისთვის შენობა უკვე მზად იყო.
1937 წლის 25 თებერვალს თეატრის შენობა საზეიმო ვითარებაში გადაეცა ეგნატე ნინოშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრს. გახსნის დღეს მაყურებელს უჩვენეს შალვა დადიანის პიესა “ნინოშვილის გურია”, თეატრის რეჟისორად მოწვეული იყო ცნობილი რეჟისორი ივანე აბაშიძე. თეატრის გახსნის დღეს მართლაც დიდი დღესასწაული ყოფილა ქალაქში, ყველას სიხარული და კმაყოფილება ეხატა სახეზე. წლების მანძილზე თეატრში აქტიურად მიმდინარეობდა შემოქმედებითი საქმიანობა, 1949 წელს ლანჩხუთს მარჯანიშვილის თეატრალური დასი ესტუმრა სპექტაკლით “მარგარიტა გოტიე”, მარგარიტას როლს ასრულებდა სახალხო არტისტი ვერიკო ანჯაფარიძე.
რაც შეეხება თანამედროვე თეატრალურ დასს, ა(ა)იპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებული ეგნატე ნინოშვილის სახელობის თეატრი 2016 წელს აღდგა, სპექტაკლით “ნაფტალინი”, რომელიც რეჟისორმა დავით წერეთელმა დადგა. ასევე, ჩამოყალიბდა სახალხო თეატრთან არსებული თოჯინების თეატრი, რომელმაც არაერთი თოჯინური სპექტაკლი წარუდგინეს ლანჩხუთის საზოგადოებას. ლანჩხუთში, ასევე, ფუნქციონირებს ვალოდია წულაძის კინოსა და თეატრის მუზეუმი.