საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი 26 წლის ყაზახი გოგონას ასელ აიტპაევას 2-ჯერ გაუპატიურებისთვის ბრალდებული მურად მეირბეკოვისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლო ბრალდებულის დაუსწრებლად, სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს.
აიპტაევას ოჯახი მოითხოვს, რომ მეირბეკოვის საქართველოში ექსტრადირება მოხდეს. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ მეირბეკოვმა ასელი საქართველოში მოტყუებით ჩამოიყვანა, გაყიდა და მოკლა.
“მოხარული ვართ, რომ ქართულმა მხარემ მურად მეირბეკოვს ბრალი წარუდგინა, იმედი გვაქვს, ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანენ. მაგრამ ვფიქრობთ, რომ გაუპატიურების მუხლი საკმარისი არ არის. მან ჩემი და მოატყუა, გააუპატიურა და მოკლა. გვინდა, რომ ყველა ამ დანაშაულზე პასუხი აგოს. ის მასზე ფსიქოლოგიურადაც ძალადობდა და არ არის გამორიცხული, რომ გაყიდა კიდეც. მოტყუებით ჩამოიყვანა საქართველოში, გაყიდა და მოკლა. ვითხოვთ, რომ ყველა ამ დანაშაულზე აგოს პასუხი, ყაზახეთიდან გამოითხოვოს ქართულმა მხარემ და გაასამართლოს”, _ ამბობს ასელ აიტპაევას და.
გარდაცვლილის ოჯახის წევრები, ასევე, მოითხოვენ, რომ საქმეს ტრეფიკინგის მუხლიც დაემატოს. პროცედურულად, იუსტიციის სამინისტრომ ყაზახეთის მთავრობას 15 დღეში უნდა მიმართოს მურად მეირბეკოვის ექსტრადირების მოთხოვნით.
მირბეკოვს პროკურატურამ გუშინ, 14 მაისს, ბრალი ოფიციალურად წარუდგინა, საგამოძიებო უწყების ცნობით, მეირბეკოვმა გოგონაზე რუსთავში 2-ჯერ იძალადა.
ცნობისთვის, 26 წლის ასელია აიტპაევამ 5 მაისს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შსს-მ 6 მაისს დააკავა ბრალდებული, 57 წლის ბესიკ თოდუა, რომელმაც გამოძიების ინფორმაციით, ის გააუპატიურა. პროკურატურამ კი დაკავებულს ბრალი 7 მაისს წარუდგინა. ბრალდებულს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.