შემოდგომის დასაწყისი, ოქტომბრის ბოლომდე, ქოთნის ყვავილების გასამრავლებლად საუკეთესო დროა. იქნებ, შემოგვედაონ და გვითხრან, რომ ამ მხრივ გაზაფხული უმჯობესია, თუმცა, გამოცდილება სხვას აჩვენებს.
თითქმის ნებისმიერი ოთახის მცენარე, სხვადასხვა ყვავილოვნები _ ბეგონია, იების სახეობები, გერანი, კალანჰოე, ბალბა თუ სხვა, ადვილად გასამრავლებელია ტოტით, თვით ფოთლითაც კი. შემოდგომის დასაწყისში, ოქტომბრის შუა რიცხვებამდე, მოვახდინოთ კარგად განოყიერებული მიწით სხვადასხვა მომცრო ზომის ქოთნების შევსება. შემდეგ ჩავრგოთ ნებისმიერი სასურველი ქოთნის ყვავილის ტოტი ან ფოთოლი.
როცა ამბობენ ზოგიერთი ყვავილის მიმართ, რომ ის ძნელად გასახარებელია, აღმოვაჩენთ, რომ სულ ადვილად დაფესვიანდება და არაჩვეულებრივ შედეგს მივიღებთ.
ზამთრის პირას ჩვენი ყვავილები უკვე საკმაოდ დაფესვიანებული და მომძლავრებული იქნება.
დავიხსომოთ უმთავრესი _ ყვავილებს სჭირდება სინათლე, ზომიერი ტემპერატურა, ასევე, ზომიერი მორწყვა და ორ თვეში ერთხელ მაინც მიწის განოყიერება. თუ ყოველთვიურად მოვახერხებთ, უმჯობესია. ასეთი მიდგომით, უმეტეს შემთხვევაში, სულ პატარა კვირტსაც კი ახალ სიცოცხლეს ჩაბერავთ, გაზაფხულზე კი თითოეული მათგანი ახალი ძალით იფეთქებს. მთავარია არ დაიზაროთ.
დაიხსომეთ ერთიც _ არის ყვავილთა სახეობები, მაგალითად, იები და ბეგონიები, რომლებიც მუდამ საჭიროებს დღის სინათლეს და არა მზის სხივებს, რაც მათთვის მავნებელია.