ინკლუზიური განათლება – სწავლის შესაძლებლობაა ინდივიდუალური შესაძლებლობების გათვალისწინებით – ქალაქ ოზურგეთის # 1 საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში ინკლუზიური განათლების მიმართულებით საინტერესო შეხვედრა გაიმართა, რომლის ორგანიზატორი ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრი იყო.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსის ლელა იმედაშვილის თქმით, მსგავსი შეხვედრების მიზანია: „გავაზიაროთ საუკეთესო პრაქტიკა და კიდევ ერთხელ ვაღიაროთ _ ,,ერთად უკეთესია“.
ლელა იმედაშვილი: დღეს ჩვენ შევკრიბეთ სწორედ ის ადამიანები, ის სპეციალური მასწავლებლები, რომლებიც ჩვენს სკოლებში საქმიანობენ და ძალიან საინტერესოდ ცდილობენ ხელი შეუწყონ ყველა მოსწავლის ჩართულობას სასწავლო პროცესში. დღევანდელ შეხვედრაზე სწორედ ის აქტივობები ვნახეთ, რომლებიც საქმიანობენ ეს პედაგოგები. ასევე, ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რაც ჩვენს სკოლებში ამ ეტაპზე არსებობს.“
ნანა მჟავია, გურიის მულტიდისციპლინური გუნდის წევრი: „დღევანდელი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იმ კუთხით, რომ ძალიან ბევრი სიახლეა, რომელსაც ახორციელებენ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან მომუშავე როგორც პედაგოგები, ასევე სპეციალური მასწავლებლები, ასისტენტები, მეტყველების თერაპევტები. ამ ადამიანებს დაუგროვდათ ბევრი პრაქტიკა და საინტერესო პრეზენტაციები ვიხილეთ დღევანდელ შეხვედრაზე.
თეონა მორჩილაძე, ქალაქ ოზურგეთის #2 საჯარო სკოლის სპეციალური მასწავლებელია, მანამდე კი სოფელ ძიმითის საჯარო სკოლაში მუშაობდა.
„ვფიქრობ, რომ დღევანდელი შეხვედრა პროდუქტიული იყო. პედაგოგებმა გავუცვალეთ ერთმანეთს ჩვენი გამოცდილება და მივიღეთ ახალი ინფორმაცია. სპეციალური მასწავლებლების მისია არის კლასში პოზიტიური გარემოს ჩამოყალიბება, რომ ჰქონდეს ბავშვებს მიმღებლობა ერთმანეთთან და კომუნიკაცია. ასევე, მოვახერხოთ მოსწავლემ შეძლოს და დასძლიოს მინიმალური მოთხოვნები ეროვნული სასწავლო გეგმიდან _ ეს არის გამოწვევა, პრობლემა და მიდგომის გზები“, _ გვითხრა თეონა მორჩილაძემ.
შეხვედრას, ასევე ესწრებოდნენ მშობლები. ერთ-ერთი მათგანი იყო მანანა კვაჭანტირაძე, რომლის შვილი ქალაქ ოზურგეთის #4 საჯარო სკოლაში სწავლობს ოთხი წელია.
„მინდა ვთქვა, რომ ღიად ვსაუბრობ იმ რეალობაზე, რაც არის. ანდრიას ძალიან ყურადღებიან და კარგ პედაგოგებთან აქვთ ურთიერთობა. _ გვითხრა მანანა კვაჭანტირაძემ.
ლელა იმედაშვილის თქმით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლებში 271 სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლე სწავლობს და მათთან მუხლჩაუხრელად შრომობს 54 სპეციალური მასწავლებელი, 16 ასისტენტი, 1 ფსიქოლოგი და 4 ენისა და მეტყველების თერაპევტი.
ავტორი