ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ის არცერთ პოლიტიკურ ძალასთან გაერთიანებას არ გეგმავს. ამის შესახებ UKRINFORM-ის ცნობით, მან ლვოვში, სასტუმრო ლეოპოლისთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„არცერთ პოლიტიკურ ძალასთან, მათ შორის არც იულია ტიმოშენკოსთან გაერთიანებას არ ვაპირებ. მე მხოლოდ ხალხთან გავერთიანდები“, _ აცხადებს სააკაშვილი.
მან ასევე დაადასტურა, რომ კიევში ჩასვლამდე უკრაინის სხვადასხვა ქალაქებსა და სოფლებს ეწვევა.
„დღეს ან ხვალ უკრაინაში პოლიტიკურ ტურს დავიწყებ. ვაპირებ მოვინახულო ისეთი მსხვილი სამრეწველო ცენტრები, როგორიცაა ხარკოვი, დნეპრი, ოდესა, ასევე სხვადასხვა სოფლები. მე შევაგროვებ ხალხის მოთხოვნებს ოლიგარქების მიმართ და ამ მოთხოვნებით ჩავალ კიევში“, _ აცხადებს სააკაშვილი.
მაუწყებლის ინფორმაციით, სააკაშვილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს გაეცნო.
როგორც ცნობილია, 10 სექტემბერს ის უკრაინაში ჩავიდა და რამდენიმე სახალხო დეპუტატთან ერთად სახელმწიფო საზღვარი გაარღვია.
გავრცელებული ცნობით, პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონო გავლის და სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით სააკაშვილისა და სხვა დეპუტატების მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოება დაიწყო.