„გამარჯობათ, მაპატიეთ, რომ გაწუხებთ, მე რუსლანი ვარ, ჩუტკერაშვილი, 33 წლის. ახალციხის რაიონის სოფელ წინუბანში ვცხოვრობ“, _ ასე იწყება წერილი, რომელიც „გურია ნიუსმა“ ცოტა ხნის წინ მიიღო.
რუსლანს ხერხემალი და ზურგის ტვინი აქვს დაზიანებული და საწოლსაა მიჯაჭვული. როგორც თვითონ გვიყვება, მან 2007 წელს საწარმოო ტრავმა მიიღო. ფეხზე რომ დადგეს და სიარული შეძლოს, რუსლანს ხანგრძლივი მკურნალობა სჭირდება, რეაბილიტაციის ერთი კურსის ღირებულება კი 3 725 ლარს შეადგენს, რის საშუალებაც ოჯახს არ აქვს.
„10 წლის წინ თბილისში წავედი სამუშაოდ. ვფიქრობდი, ჩემი შრომით ოჯახს დავეხმარები და გაჭირვებას შევუმსუბუქებ-მეთქი, მაგრამ ერთ უბედურებას მეორე დაემატა. მუშაობის დროს მეხუთე სართულიდან გადმოვვარდი, რის შედეგადაც დამიზიანდა ხერხემალი და ზურგის ტვინი, წამერთვა მოძრაობის უნარი და მივეჯაჭვე ლოგინს. ამას თან დაერთო კუნთების დაჭიმულობა, ე.წ. სპასტიკა, რომელსაც საშინელი ტკივილები და კრუნჩხვა ახლავს. სპასტიკა რომ მოიხსნას, გამოვჯანმრთელდე და ფეხზე დავდგე, სასწრაფოდ მჭირდება რეაბილიტაციის ხანგრძლივი კურსი, ჩემს ოჯახს კი ამის საშუალება არ აქვს, _ გვიყვება რუსლანი.
რუსლანი მშობლებთან ერთად ცხოვრობს. ჩვენი რესპონდენტის თქმით, მათი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი 350 ლარს შეადგენს. ოჯახი სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაშია რეგისტრირებული და უმწეოთათვის განკუთვნილ თანხასაც იღებდა, თუმცა, 2 წლის წინ, გეგმიური გადამოწმების შემდეგ, აღმოჩნდა, რომ სახელმწიფო ოჯახზე სოციალურ შემწეობას აღარ გასცემდა.
„სოციალური დახმარება მეორე წელია მომიხსნეს. წელსაც მქონდა დაწერილი დახმარების თაობაზე განცხადება. მოვიდნენ, შეამოწმეს და მაღალი სარეიტინგო ქულა მოვიდა. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ, რაც ეს შემემთხვა, სულ ვიღებდი დახმარებას. ქონება იგივეა, ოჯახში მდგომარეობა უფრო გაუარესებული მაქვს _ დედა მუდმივად მაღალი არტერიულ წნევას ატარებს. მარტო მამა მუშაობს. ჩვენი შემოსავალი თვეში 350 ლარია. მშობლები უკვე ასაკში არიან. მიწას ვერ ვუვლით. არც გვაქვს ბევრი მიწა. პაპაჩემის აშენებულ სახლში ვცხოვრობთ. ჩემი მდგომარეობაც უფრო გართულებულია. ნაწოლები გამიჩნდა, ფილტვებზეც პრობლემა მაქვს. ასეთ პირობებში მაღალი სარეიტინგო ქულა მივიღეთ და „დავრჩი ჰაერში“.
რუსლანის თქმით, პენსია და ოჯახის შემოსავალი ელემენტარული საჭიროებების დასაკმაყოფილებლადაც არ ჰყოფნით.
„პენსია და ის ფინანსური შემოსავალი, რაც ჩვენს ოჯახს აქვს, წამლების და პამპერსის შესაძენადაც არ მყოფნის. მხოლოდ აუცილებელ, იაფფასიან წამლებს და კრემებს ვყიდულობ, განგრენა რომ არ განვითარდეს. ძალიან მეუხერხულება ამაზე საუბარი, მაგრამ ცოტა ეკონომია რომ გავაკეთო, ღამით პამპერსს არ ვიკეთებ და ბოთლი მიდგას. ცოტა ხნით რაღაც დამატებითი შემოსავალიც გამიჩნდა. სოციალურ საწარმოში სტაჟიორად ამიყვანეს, სადაც საწარმოს ფეისბუქგვერდის მართვაში ვეხმარებოდი. 200 ლარს მიხდიდნენ. თუმცა, პროექტი სამთვიანი იყო და სექტემბერში დასრულდა”.
კითხვაზე _ კომპანიამ, სადაც ტრავმა მიიღო, გაუწია თუ არა დახმარება, რუსლან ჩუტკერაშვილი გვპასუხობს, რომ მათ მხოლოდ ის თანხა აანაზღაურეს, რაც ტრავმის მიღების შემდეგ საავადმყოფოში დასჭირდა. შემდეგ კი მისი ამბით არავინ დაინტერესებულა.
„რომ დაინახეს, ცოცხალი გადავრჩი, საერთოდ დაიკარგნენ. ეტყობა, ჩემი სიკვდილი მაგრად დააზარალებდათ. ინდმეწარმე დავით ქიმერიძესთან ვმუშაობდი, რომელიც ასრულებდა შპს “ოლდ თბილისი კონსტრაქშენის” დაკვეთას. თბილისში, მერაბ კოსტავას ქუჩის 65 ნომერში არსებულ სს “აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი საქართველოს” კუთვნილი მიწის ნაკვეთზე 4 და 5-სართულიანი შენობების დემონტაჟი მიმდინარეობდა. დაზიანების მიღების შემდეგ ოპერაციის გაკეთება დამჭირდა და 3 თვე საავადმყოფოში გავატარე. ხარჯები კომპანიამ გადაიხადა, მაგრამ 2008 წელს, რაც საავადმყოფოდან გამომწერეს, აღარ გამოჩენილან და არც დახმარება გაუწევიათ ჩემთვის”.
რუსლანის თქმით, ექსპერტიზის დასკვნით ის დაზარალებულად ცნობილი, სასამართლო გადაწყვეტილებით კი თავად დამსაქმებელი ქიმერიძე _ დამნაშავედ.
„ექსპერტიზის დასკვნით დაზარალებულად ვარ ცნობილი. 2009 წლის 23 იანვარს ჩატარდა სასამართლო, მოსამართლე ტარიელ ტაბატაძე იყო, სხდომის მდივანი _ დაჩი ჯაფარიძე, საქმის პროკურორი ვ. ალუღიშვილი, განსასჯელი დავით ქიმერიძე, ადვოკატი _ ს. კომახიძე. განაჩენში, ნომრით 1|176-09, დავით ქიმერიძე დამნაშავედაა ცნობილი.
ბევრი ვეცადე და ახლაც ვცდილობ, გავიგო ეს კომპანია კიდევ არის საქართველოში თუ არა, მაგრამ, ჯერჯერობით, შედეგი არაა. ქიმერიძემ აბსოლუტურად ყველაფერი იცოდა, რა სახის მკურნალობის და რეაბილიტაციის კურსების ჩატარება მჭირდებოდა და თავის მხრივ, ის აუცილებლად ჩააყენებდა საქმის კურსში კომპანიის ხელმძღვანელებს. მიუხედავად ამისა, ყველა გაქრა, მე კი ვერ მოვახერხე მათი ნახვა, გაგება, სად მოღვაწეობენ“, _ გვეუბნება რუსლანი.
როგორც მან გვითხრა, დაახლოებით, ერთი თვის წინ თურქეთიდან ჩამოსულ ექიმთან იყო კონსულტაციაზე მისული, რომელმაც თურქეთში ოპერაციის სასწრაფოდ გაკეთება ურჩია, მანამდე კი ფიზიოთერაპიის კურსი უნდა ჩაიტაროს.
„ექიმმა მითხრა, რომ სპასტიკის შესაჩერებლად სასწრაფოდ ფიზიოთერაპიის კურსი უნდა ჩავიტარო, ვიდრე ოპერაციისთვის საჭირო თანხას შევაგროვებ. წინააღდეგ შემთხვევაში, შესაძლებელია მთლიან ორგანიზმზე გავრცელდეს და იმაზე უარეს მდგომარეობაში ჩავვარდე, ვიდრე ვარ. ამ ეტაპზე ხერხემლიდან ფიქსატურები მაქვს ამოსაღები, შემდეგ ფეხში ნერვის აღდგენა უნდა მოხდეს, შემდეგ ღეროვანი უჯრედები უნდა გადამინერგონ და რეაბილიტაციის კურსი ჩავიტარო“, _ ამბობს რუსლანი და დასძენს _ „სასიხარულო და იმედისმომცემი ისაა, რომ, როგორც ექიმები ამბობენ, ჩემი ავადმყოფობა ექვემდებარება მკურნალობას. იმედს მაძლევენ, რომ ფეხზე დავდგები, მაგრამ ყველაფერი ფინანსებზეა დამოკიდებული _ იქნება თანხა ვიცოცხლებ, არ იქნება თანხა და… მომიწევს უიმედობაში გავატარო დარჩენილი დღეები“.
„გურია ნიუსი“ იმ კლინიკას დაუკავშირდა, სადაც რუსლანი კონსულტაციაზე იმყოფებოდა.
„რუსლანი ჩამოვიდა კონსულტაციაზე. ექიმმა გასინჯა. მისი საქმე თურქეთში კომისიამ განიხილა და გადაწყვიტეს, რომ ესაჭიროება ღეროვანი უჯრედების გადანერგვა, რომ მან სიარული შეძლოს. ოპერაციისთვის, ფასდაკლებით 32 000 დოლარია საჭირო“, _ აცხადებენ მედიკლაბში.
რუსლანმა თურქეთში ოპერაციის დაფინანსების თხოვნით ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა.
„ჯანდაცვის სამინისტრომ ქართველ ექიმ-ექსპერტთან დამინიშნა კონსულტაცია, რის შემდეგაც გადაწყდება, დამიფინანსებენ თუ არა ოპერაციას, მანამდე კი აუცილებლად უნდა გავიარო ფიზიოთერაპიის კურსი, _ ამბობს რუსლანი „გურია ნიუსთან“ საუბრისას.
რუსლანი სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებელია. „იმედი გამიჩნდა, რომ ეტლს სამუდამოდ მოვიშორებ და ორივე ფეხით გავუყვები ჩემი ცხოვრების ბილიკებს. გემუდარებით ყველას, დამიდექით გვერდში, ნუ მიმატოვებთ ამ განსაცდელში მარტო, დამეხმარეთ ეტლიდან წამოდგომაში“, _ წერს რუსლანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ ფიზიოთერაპიის ერთი კურსის ღირებულება 3 725 ლარია. რუსლანის ოჯახს კი ამის საშუალება არ აქვს და მთლიანად სიკეთის იმედად არიან. რუსლანის სახელზე გახსნილია ანგარიში, სადაც მისი დახმარების მსურველებს თანხის გადარიცხვა შეუძლიათ.
ანგარიშის ნომრები:
ლიბერთი ბანკი
ბანკის კოდი: LBRTGE22;
ანგარიშის ნომერი: GE43LB0711156006781000;
საქართველოს ბანკი
ბანკის კოდი BAGAGE22;
ანგარიშის ნომერი: GE04BG0000000269267500;
პირადი ნომერი: 47001012929;
მიმღები რუსლან ჩუტკერაშვილი. ტელ: (557) 108439;
ასევე, შეგიძლიათ, განახორციელოთ საქველმოქმედო ზარი მაგთის და ბილაინის ოპერატორებიდან ნომერზე: 0901701317. ზარის ღირებულებაა 1 ლარი.