გუშინ ერთი საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა. დიდია ალბათობა, რომ ახლო წარსულში გამოჩენილმა ქართველმა ფეხბურთელმა, ამჟამად მწვრთნელმა შოთა არველაძემ ტაშკენტის „ფახთაქორი“ ჩაიბაროს. უზბეკური მასმედიის მტკიცებით, რამდენიმე დღის წინ შოთა ტაშკენტში იმყოფებოდა და „ფახთაქორის“ ერთ-ერთ შეხვედრას დაესწრო. უზბეკეთის პირველობაზე ეს გუნდი წარუმატებლად ასპარეზობს. ამ მიზეზის გამო კლუბის ხელმძღვანელობამ წინა მწვრთნელი თანამდედობიდან გაათავისუფლა და მის ადგილზე ქართველი ფეხბურთის სპეციალისტი მიიწვია.
იაპონიაში მიმდინარე სუმოისტთა ნაცუ ბაშოზე გუშინ ტოჩინოშინმა მესამე გამარჯვება იზეიმა. ლევან გორგაძემ ურა დაამარცხა. ასევე მოიგო რანგით მეორე – ძურიოს დივიზიონში მოასპარეზე გაგამარუმ. თეიმურაზ ჯუღელმა ოსუნაარაშის მოუგო. ოთხი დღის შემდეგ ორივე ქართველი სუმოისტის ანგარიშზე სამ-სამი მოგებაა.
საქართველოს ეროვნული გუნდისა და კლუბი „გოლდენ სტეიტის“ ცენტრალური თავდამსხმელი ზაზა ფაჩულია ტრავმირებულია. გუშინწინ ზაზას გუნდი „სან ანტონიოს“ ხვდებოდა. პირველი მეოთხედის დასასრულს ქართველმა ფეხი დაიზიანა. რამდენად სერიოზულია ტრავმა და როდის ვიხილავთ მას მოედანზე. ეს ცნობილი დღეს გახდება. ამერიკული სპორტული მასმედიის მტკიცებით, ზაზას ფეხის დაზიანება სერიოზული არ არის და რამდენიმე დღეში „გოლდენ სტეიტის“ მაისურს კვლავ მოირგებს.
გუშინ ტურინის „იუვენტუსმა“ იტალიის თასი მოიგო. ფინალური მატჩი რომში გაიმართა და „ბებერი ქალბატონის“ მეტოქე ადგილობრივი „ლაციო“ გახლდათ. მასიმილიანო ალეგრის ბიჭებმა შეხვედრა დიდი აღმავლობით ჩაატარეს და 2:0 იმარჯვეს.
მიმდინარე კვირას „იუვენტუსი“ კლუბ „კროტონეს“ უმასპინძლებს და წარმატების შემთხვევაში იტალიის ჩემპიონის ვინაობას ვადამდე ადრე მოიპოვებს.
გუშინ ვადამდე ადრე გაირკვა საფრანგეთის პირველობის გამარჯვებულის ვინაობა. „მონაკომ“ კლუბი „სენტ ეტიენი“ დაამარცხა – 2:0 და ქვეყნის ჩემპიონის წოდებას დაეუფლა.
ამავე ტიტულამდე ახლოა მადრიდის „რეალიც“. სამეფო გუნდმა გუშინ ვიგოში ადგილობრივ „სელტას“ მოუგო – 4:1 და ესპანეთის პირველობის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე „ბარსელონას“ სამი ქულით უსწრებს.
გუშინ ცნობილი გახდა რომ კატალონიურ „ბარსელონას“ ალბათ ბილბაოს „ატლეტიკის“ ამჟამინდელი დამრიგებელი ერნესტო ვალვერდე ჩაიბარებს. მისი კანდიდატურა „ბარსას“ ლიდერების მესის, ნეიმარისა და სუარესის არჩევანია. ფეხბურთელები კლუბის ხელმძღვანელობას ამის თაობაზე უკვე ესაუბრნენ. თავად ვალვერდე სამწვრთნელო კარიერის კატალონიის დედაქალაქში გასაგრძელებლად თანახმაა.